რა ეტაპზეა მობილური „იუსტიციის სახლის პროექტი“ – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ მობილური იუსტიციის სახლის პროექტის მენეჯერმა გვანცა თაბუკაშვილმა ისაუბრა.
„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც ადგილზე აწვდის 470-ზე მეტ სერვისს იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებიც დაშორებულია რაიონული ცენტრებიდან და იუსტიციის სახლებიდან.
აღსანიშნავია, რომ პროექტი 2021 წლის სექტემბერში პირველად აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. „მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.
რა სერვისების მიღება შეუძლია მოსახლეობას?
იუსტიციის სახლი ყოველთვის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა მოქალაქეს სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონში ან მიუწვდომელ ადგილას რთული იყო ფილიალის გახსნა. გაჩნდა ალტერნატიული საშუალება მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით, რომელიც პირდაპირ სახლის კარებთან აწვდის ყველა იმ 470-ზე მეტ სერვისს, რომლის მიღებაც იუსტიციის სახლში შეუძლიათ.
რომელი რეგიონები მოიცა პროექტმა?
მობილური იუსტიცია მიდის ყველგან, მათ შორის იმ სოფლებშიც, სადაც მხოლოდ რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. დღეის მდგომარეობით, „მობილური იუსტიციის სახლმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონის: სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის , კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის 45 სოფელი მოიცვა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, მობილური იუსტიციის სახლის სერვისებით 42 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.