დღეს დილიდან გლდანში საცობია. მიზეზი ხიზანიშვილის ქუჩაზე ახალდაგებული ხიდის ჩანგრევაა.
გლდანში ახალდაგებული გზა ჩაინგრა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მომხდარის მიზეზზე ისაუბრა და შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაიწყოს.
„მაქვს იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. ეს გამოწვეული იყო წყალუხვობით, თუმცა ესეც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნაგვით გადავსება არ მოხდეს. შეიძლება უფრო დიდი ცხაურების დაყენება იყოს საჭირო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმაც.
„როგორც იცით, ახლახანს დასრულდა ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით შექმნა რამდენიმე რაიონში პრობლემა, მათ შორის, იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, მოხდა უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება, დატბორვა, რაც, პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია. ამ დაზიანებისთანავე მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები, რათა უახლოეს საათებში მოხდეს დაზიანებუილი მონაკვეთის სრულად აღდგენა და მოძრაობის გახსნა. ასევე მინდა დავამატო, რომ მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, რომელზეც ვაწარმოებთ ინტენსიურ დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, იქაც შეიძლება მოგვიწიოს ლოკალური ჩარევა,“- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.