16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება და მოსწავლეების მშობლებისთვის შვილების სასკოლოდ მომზადება ყველაზე აქტუალური საკითხია.
წელს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში 48 254, კერძო სკოლებში კი 60 067 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.
სახელმწიფო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს საჭირო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს, კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლებს კი წიგნების შეძენა თავად უწევთ.
სასიამოვნო მოლოდინსა და ემოციას ფინანსურ საკითხებზე ფიქრი ანაცვლებს, წლიდან წლამდე სასკოლო ნივთების ფასები და სასკოლოდ მომზადების ხარჯები იზრდება.
სასკოლო ჩანთა, ერთ ერთი მთავარი ატრიბუტია, რომლის არჩევის დროს სპეციალისტების რჩევით ბავშვის აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რადგან გამოცდილება მოწმობს, რომ სასურველი სასკოლო ჩანთა პატარას სკოლაში წასვლის წინ ხალისს და მოტივაციას მატებს.
სასკოლო ჩანთების ფასი 15-დან 250 ლარამდე მერყეობს. დაბალფასიანი ჩანთის შეძენა ბაზრობებზე შეგიძლიათ, შედარებით ხარისხიან ჩანთებს კი დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ბრენდულ მაღაზიებში აღმოაჩენთ. გორგოლაჭიანი და ორთოპედიული საზურგის მქონე ჩანთების ფასი შედარებით მაღალია, საშუალო ფასი კი ფასდაკლებების გათვალისწინებით 70-80 ლარია.
სასკოლო ჩანთასთან ერთად აუცილებელია საკანცელარიო ნივთების შეძენაც, რვეულები, კალმები, ფანქრები, პენალი… სხვადასხვა საკანცელარიო მაღაზიებსა თუ ბაზრობის დახლებზე განსხვავებულ ფასებს ნახავთ, ბევრგან რამდენიმე ნივთის შეძენის შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებას, საშუალოდ კი:
რვეულების ფასი 50 თეთრიდან 2 ლარამდეა.
კალმები 30 თეთრიდან – 3 ლარამდე ღირს.
ფერადი ფანქრების ფასი 2 ლარიდან 15 ლარამდეა.
პენალი საშუალოდ 5-დან 25 ლარამდე ღირს.
სკოლის პირველი დღისთვის სამოსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია, პერანგების და ქვედაბოლოების თუ შარვლების ფასი, როგორც გოგონების ასევე ბიჭების შემთხვევაში 10 -დან 120-ლარამდე მერყეობს, აქაც ბრენდი და ხარისხი განსაზღვრავს ღირებულებას. ფეხსაცმელის ფასი ბაზრობებზე 20 ლარიდან იწყება, მაღაზიებში მათი ფასი 150-200 ლარამდე აღწევს.
ირინა ონაშვილი საბას უკვე მეორე წელია სასკოლოდ ამზადებს, იქიდან გამომდინარე, რომ საბა კერძო სკოლის მოსწავლეა მას სამოსით და წიგნებით სკოლა უზრუნველყოფს, მათი მთავარი საზრუნავი კი სასკოლო ჩანთა, საკანცელარიო ნივთები და ფეხსაცმელია. როგორც ირინამ გვითხრა, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ფეხსაცმელს ანიჭებს და ყველაზე დიდ თანხას სწორედ მასში იხდის.
„ძალიან კომფორტულია ის, რომ საბას სკოლაში ფორმა აქვს და სამოსზე დამატებითი ფიქრი არ გვიწევს, ჩანთას ვარჩევთ ხარისხის და საბასთვის სასურველი დიზაინის მიხედვით, წელს ქსელური საკანცელარიო მაღაზია ავირჩიეთ და ძალიან მარტივად, ერთ სივრცეში და საკმაოდ მისაღებ ფასად შევიძინეთ ყველა საჭირო ნივთი.“
6 წლის სანდრო წელს პირველად მიდის სკოლაში, მშობლებმა საჯარო სკოლაზე შეაჩერეს არჩევანი. სანდრო განსაკუთრებულად ემზადება „ახალი სამსახურისთვის“ და მშობლებს უჭირთ მას სურვილებზე უარი უთხრან. როგორც დედა, მარიკა, აღნიშნავს მიუხედავად იმისა, რომ ეცადა წინასწარ განესაზღვრა ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებელი ბიუჯეტი, საბოლოოდ ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა.
„პირველი წელია, რაც სასკოლოდ ვემზადებით, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ სანდროს მოსამზადებლად 200-300 ლარზე მეტი არ დამეხარჯებოდა, რეალურად ჩანთა, რამდენიმე რვეული, ფანქრები, კალმები, საშლელი, სახაზავი, სახატავი რვეული და გუაში, პენალი და პირველი დღის სამოსი შევიძინეთ, ფეხსაცმელი, პერანგი, ჟაკეტი და შარვალი, ამ ყველაფერში კი მიუხედავად იმისა, რომ ძვირადღირებულ მაღაზიებში არ გვიშოპინგია და საშუალო ხარისხის შევიძინეთ 490 ლარი დავხარჯე. აქვე აღვნიშნავ, რომ ის, რაც შევიძინეთ ნამდვილად არ არის საკმარისი და ზამთრის სეზონისთვის კიდევ უამრავი რამ გვჭირდება.“
ბარბარე სამტრედიაში ცხოვრობს და სკოლაშიც თავის ქალაქში იწყებს სწავლას, სკოლისთვის მოსამზადებლად დედამ თბილისში ჩამოიყვანა. მათ მოინახულეს როგორც ბაზრობა, ასევე მაღაზიები, ნივთების ნაწილი ბაზრობაზე შეიძინეს, ნაწილი კი სავაჭრო ცენტრებში შეარჩიეს, იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქში საშოპინგოდ ხელმეორედ ჩამოსვლა დამატებით ხარჩებთან არის დაკავშრებული, ბარბარეს ზამთრის სეზონისთვის საჭირო სამოსიც შეუძინეს, საბოლოო ბიუჯეტი კი 800 ლარს გასცდა.
თეონა: „გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოვსულიყავით, რადგან აქ არჩევანი დიდია, ბაზრობაზე რა პროდუქციაც ვნახეთ ჩვენთანაც იყიდება რაიონში, მაგრამ უფრო ძვირი ღირს. მაღაზიებში უფრო დიდ ფასდაკლებებს ველოდი. ყველაზე მეტი ფეხსაცმელებსა და ჩანთაში გადავიხადე, ხარისხიანი შევარჩიე ხელმეორედ რომ არ მომიწიოს შეძენა. ჩვენ მთელი წლის საჭირო ნივთები მოვიმარაგეთ და ხარჯი მეტი გამოვიდა, მაგრამ წესით არაფერი უნდა დაგვჭირდეს, თითო-ორ რვეულს და კალამს თუ არ ჩავთვლით.“
მიუხედავად მომატებული ფასებისა, ბაზრობებსა თუ სავაჭრო ცენტრებში, მშობლებისა და ბავშვების სიმრავლე თვალშისაცემია, არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვის სკოლისთვის მომზადება ბაზრობაზე შოპინგის პირობებში საშუალოდ 300-350 ლარი დაგვიჯდება, მაღაზიებზე არჩევანის შეჩერების შემთხვევაში კი 500 ლარი და ზევით. გასულ წელთან შედარებით ხარჯები საშუალოდ 50 ლარით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარის კურსის დოლართან მიმართებით უარყოფითი ცვლილების თითქმის ექვივალენტურია.
თათია დარასელია
რა დაგვიჯდება ბავშვის სასკოლოდ მომზადება