ეს არ არის ტალღა, ეს არის მხოლოდ შემთხვევების მატება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, შესაძლებელია, ამ კვირის მონაცემი იყოს უფრო მეტი, ვიდრე იყო წინა კვირას.
„შესაძლებელია, ამ კვირის მონაცემი იყოს უფრო მეტი, ვიდრე იყო წინა კვირას და მატება კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ეს არ არის ტალღა, ეს არის მხოლოდ მატება შემთხვევების. შესაძლებელია, გაცილებით უფრო ხანმოკლე იყოს, ვიდრე მაგალითად მე-6 ტალღა იყო, რომელიც თითქმის სამი თვე გაგრძელდა. ხვალ ალბათ ციფრი იქნება უფრო მეტი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ არ იქნება გაორმაგებული“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინის ერთი დამატებითი დოზა იქნება ახლა იდეალური გამოსავალი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი.
„ჩვენ ვლაპარაკობთ დამატებით ბუსტერ დოზაზე, ეს ეხება იმ მილიონ ადამიანს, რომელსაც გაკეთებული აქვს ვაქცინის ორი დოზა და დღემდე არ გადაუწყვეტია გაიკეთოს დამატებითი მესამე დოზა. დამატებითი მესამე დოზა დღეს განიხილება როგორც იდეალური შესაძლებლობა კორონავირუსით ინფიცირების თავიდან აცილების, მძიმე შემთხვევების და გარდაცვალების პრევენციის თვალსაზრისით, ამათ გასაგონად ვსაუბრობთ, რომ ერთი დამატებითი დოზა იქნება ახლა იდეალური გამოსავალი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი.
ბუსტერი გაკეთებული აქვს მხოლოდ 265 ათას ადამიანს, ძალიან ცოტაა ეს მაჩვენებელი და ახლახან დავიწყეთ მეოთხე დოზა, მეორე ბუსტერი. ახლა არის იდეალური პერიოდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, გადავწყვიტოთ და გადავდგათ ეს ნაბიჯი, რადგან პანდემია ნამდვილად არ დამთავრებულა, ნამდვილად ადრეა, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი კარგად არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
