“საქართველოს ბიზნესასოციაციის” წევრები ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ამ წუთებში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც “საქართველოს ბიზნესასოციაციის”აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა განაცხადა, ეს არის პირველი შეხვედრა ახალ ფინანსთა მინისტრთან.
“შეკითხვები ძირითადად შეეხება ამ წლის ბიუჯეტის შესრულებას, 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვას, მაკროეკონომიკურ პრეზენტაციას, რომელიც ფინანსთა სამინისტომ მომზადდა იმ პარამეტრების შესახებ, რომელიც ჩვენი წევრებისთვის ძალიან საინტერესოა და საიდანაც კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეიძლება. ასევე საუბარი შეეხება გარკვეულ საგადასახადო ცვლილებებს, რომელიც ახლა გადაეგზავნა პარლამენტს. იქნება ძველი საკითხების განხილვა, რომელიც მნიშვნელოვანია, მათ შორის დღგ-ს ავანსების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც არაერთხელ წამოვწიეთ წინა პერიოდში. დღესაც ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის აქტუალურობას და ძველ რეჟიმზე დაბრუნებას ხაზს გავუსვამთ. ვფიქრობ, ეს შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომდევნო სამუშაო პროცესებში გამოკვეთილი საკითხები უფრო მეტად იყოს დაკონკრეტებული და სპეციალური ჯგუფებისა და ჩვენი კომიტეტის გავლით მოხდეს ამ საკითხების კონკრეტულ შედეგებამდე მიყვანა”, – განაცხადა ასლანიშვილმა.
მისივე თქმით, საგადასახადო კუთხით წინა პერიოდში არსებული ძირითადი შენიშვნები გათვალისწინებულია, ამჟამად მხოლოდ კორექტირებებია გასაკეთებელი, რომელიც იმ კომპანიებს ეხება, რომლებიც ბირჟაზე საჯარო შეთავაზებებს აკეთებენ.