LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მომავალი აქვს ქართულ კინოს? – ბაკურიანმა “ქართული კინოს ფორუმს” უმასპინძლა

550
72215289-2612293532165739-3881414361176080384-o

უკვე მესამე წელია „ქართული კინოს ფორუმი“ კინომოყვარულებს ახალი ქართული ფილმების ნახვის შესაძლებლობას აძლევს.

წლევანდელი ღონისძიება სახელწოდებით „ნახე პირველად ბაკურიანში“ 10 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დაიხურა. ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ბაკურიანში“ გაიმართა. ფორუმზე წარმოდგენილი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს, მათი ჩვენება კინომცოდნეების, რეჟისორებისა და ჟურნალისტების გარემოცვაში შედგა. დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ახალ ქართულ ფილმებს ადგილობრივი მოსახლეობაც ინტერესით ადევნებდა თვალს. 4-დღიანი ფორუმის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეებმა 6 ფილმი ნახეს.

„ქართული კინოს ფორუმი“ “ოსკარზე” წარდგენილმა „შინდისმა“ გახსნა. გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიმიტრი ცინცაძის ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა თავად ჩვენებაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან „შინდისის“ საფესტივალო პრემიერაზე, ვარშავის კინოფესტივალზე იმყოფება.

ფორუმის მეორე დღეს მონაწილეებმა დიტო ცინცაძის კიდევ ერთი ფილმი, შანხაის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ იხილა. დღის ბოლოს კი რეჟისორ უტა ბერიას ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში მაყურებელმა ასევე გიგა ლიკლიკაძის მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ღორი“ და დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედი“ ნახა. ქართული კინოს ფორუმი რეჟისორ გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით „12 გაკვეთილით“ დასრულდა.

ფილმების ნახვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრების გასაუბრება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდათ.  ნაჩვენები ფილმებიდან ზოგიერთი კრიტიკულად შეფასდა, ზოგიერთმა კი მაყურებელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კინოჩვენებების გარდა თანამედროვე ქართული კინოწარმოებისა და ქართული კინომემკვიდრეობის თემებზე პანელ დისკუსიებიც გაიმართა. ღონისძიება ეროვნულმა კინოცენტრმა და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ერთობლივად წარმოადგინეს.

 

 

ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ფორუმის განმავლობაში ნაჩვენებ ფილმებზე გვესაუბრა.

რა გვიჩვენა ფორუმმა, რა მდგომარეობაა ქართულ კინოსივრცეში? თუ არსებობს სირთულეები, რასთან გამკლავებაც ქართველ რეჟისორებს უჭირთ?

ამ ფორუმის მიზანია წლის განმავლობაში გადაღებული ქართული ფილმები გაგვაცნოს, შემდგომ კი გავაანალიზოთ რა პროცესები მიდის ამ სფეროში. რასაკვირველია, ერთი წლის პროდუქციით რთულია მთლიანად ქართული კინოს შეფასება. ეს ფორუმი სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ასეთ დინამიკაში დავინახოთ, იცვლება თუ არა პროცესი.

წლევანდელმა კინოფორუმმა გვაჩვენა, რომ ყველა ფილმი თემატურადაც და ფორმითაც განსხვავებული იყო ერთმანეთისგან. ბუნებრივია, პრობლემებიც არის, რაც თითოეული ფილმის განხილვის დროს გამოვლინდა.

ხშირად რეჟისორები ცდუნებას მიჰყვებიან, საქართველოს აქტუალურ პრობლემებს იყენებენ, სხვადასსხვა თემებს ეჭიდებიან და ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ფესტივალებზე კარგად გაიყიდოს. მაგრამ მერე ამის გამთლიანება ვეღარ ხდება. ეს პრობლემა არა მხოლოდ წლევანდელ პროდუქციაშია.

ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო ბოლომდე გააზრებული თუ რას იღებს რეჟისორი. მაგალითად, ლიკლიკაძის ფილმი „ღორი“, რომელიც ფილმის მსვლელობის დროს უკეთ გამოიყურებოდა. შემდგომ უკვე, როცა რეჟისორს კითხვები დავუსვით, აღმოჩნდა, რომ ის რაც აუდიტორიის დიდ ნაწილს ფილმში მოეწონა, თავად რეჟისორს არ ჰქონდა გააზრებული. ეს უკვე კითხვებს აჩენს, რამდენად აქვს ამ რეჟისორს განვითარების პოტენციალი, თუ არ უფიქრია ისეთ სერიოზულ თემებზე, რაც უნებლიეთ მის ფილმში აისახა.

ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ წლევანდელი ფორუმი ახალგაზრდა რეჟისორების დებიუტით გამოირჩეოდა. ფილმი „ღორი“, რომელიც ვახსენე, ჩემთვის საკამათოა, თუმცა აშკარად გამორჩეულია თავისი ორიგინალურობით. განსაკუთრებით მაინც უტა ბერიას „უარყოფით რიცხვებს“ აღვნიშნავდი, რომელიც ალბათ ამ ფორუმის უპრეცენდენტო ფილმი იყო, თავისი პრობლემატიკით, კინომატოგრაფიული ენით, რომელიც ძალიან სადა და მეტყველია, დრამატურგიული წყობით, სადაც განვითარება აქვს პერსონაჟსაც და პრობლემასაც და ყველაფრით შეკრულია.

როგორია ქართველი მაყურებლის დამოკიდებულება ქართული კინოსადმი?

ეს პრობლემა მწვავედ დგას, მაგრამ ამის გარდაც ბევრი პრობლემაა. კინოთეატრების ქსელი ფაქტობრივად არ არსებობს და მაყურებელიც გადაეჩვია ფილმის კინოში ყურებას. განსაკუთრებით სკეპტიკური გახდა ქართული კინოს მიმართ, რადგან ქართული ფილმებისადმი მათი ინტერესი მიმალულია. ამას ალბათ ხელშეწყობა სჭირდება, თუნდაც მედიის მხრიდან მეტი დაინტერესება, ამაზე ხშირი საუბარი. ფორუმის ერთ-ერთ დისკუსიაზე ნანა ექვთიმიშვილის ფილმზე „გრძელ ნათელ დღეებზე“ იყო საუბარი, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, კარგად იყო შეფუთული: სარეკლამო კამპანია უძღოდა წინ და ჩვენების დროსაც. შესაბამისად, მაყურებელიც ჰყავდა. რა თქმა უნდა, ფილმიც კარგი უნდა იყოს და რეკლამაც აუცილებელია, ეს კი ერთმანეთს უნდა ავსებდეს.

ბაკურიანში ქართული კინოს ფორუმი ფილმ „შინდისის" ჩვენებით გაიხსნა

ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება დიმიტრი ცინცაძის ფილმ “შინდისის” ჩვენებით მაყურებლით სავსე დარბაზში გაიხსნა. ფილმის ჩვენებას კინოსექტორისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია “შინდისის” შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან. ქართული კინოს ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს. ღონისძიებას […]

 

mazda magti 5g