ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივით, შესაძლოა, ვითარება დასტაბილურდეს, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, კახა გოგოლაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, რეფერენდუმის შემდეგ, გადაწყვეტილება პარლამენტმაც უნდა მიიღოს, რასაც მოყვება 2-წლიანი მოლაპარაკებები ევროკავშირის დატოვების შესახებ.
“ჯერ არავისთვის არის ცნობილი, რას ნიშნავს ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება. მხოლოდ საბოლოო პროცედურების შემდეგ გამოჩნდება, რა ზიანი მიადგება ევროკავშირისა და ბრიტანეთის ეკონომიკას. რაც ეხება ბრიტანული ფუნტის დაცემას, ეს წმინდა პანიკის შედეგია, ვინაიდან მსგავსი პროცესების დროს, ჩნდება უნდობლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილებების წინაშე დგებიან” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ამ მოვლენებს შორის არ არის ცალსახა კავშირი, თუმცა ამან ბრიტანეთის რეფერენდუმმა, შესაძლოა, ყველა სხვა საკითხი გადაფაროს.
“შეიძლება ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგი გადაიტვირთოს ბრიტანეთის გასვლის საკითხებით. თუმცა დარწმუნებული ვარ, შემოდგომისთვის, როცა ჩვენ ველოდებოდით ვიზალიბერალიზაციას, ეს საკითხები შევა ჩვეულ რიტმში და საქართველოს საკითხს აუცილებლად განიხილავენ” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.