მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” ფეისბუქ გვერდზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოყენებული ხსნარის ფოტოს აქვეყნებს. მათი განცხადებით, აღნიშნული სითხე სამედიცინო დანიშნულების ნივთიერებაა ACD – 2F.
“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში”, – წერია “ქვეყნის სამსახურში” ფეისბუქ გვერდზე.
აღნიშნული ნივთიერების სხდომათა დარბაზში დაღვრას სხვადასხვა რეაგირება მოჰყვა. უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის მტკიცებით, ისინი მოიწამლნენ. საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა დაიწყეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და მინიმუმ 3-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ინციდენტი პარლამენტზე “ქიმიურ შეტევად” შეაფასა.
ფუ, რა სუნია: ვინ მოწამლა ჰაერი პარლამენტში – ბრალი ოპოზიციას ედება