რა როლი აქვს მეხსიერებას განათლებაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“- განათლების მეცნიერების მკვლევარმა და დოქტორანტმა, ლექტორმა ნინო ზაალიშვილმა ისაუბრა.
რა არის მეხსიერება?
მეხსიერება ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარია, რომელიც წარმოდგენილია სამი ეტაპის სახით: კოდირება, შენახვა და აღდგენა. კოდირების შემთხვევაში, მეხსიერება იწყება შთაბეჭდილების მიღებით, რაც შეეხება შენახვის ეტაპს – ამ შემთხვევაში ხდება აღბეჭდილი მასალის გადამუშავების პროცესი, რაც გულისხმობს მეხსიერების საცავებში ინფორმაციის შენახვას. აღდგენა კი მეხსიერების პროცესის ბოლო ეტაპია, რაც გულისხმობს ადრე შეძენილი ცოდნის მეხსიერებიდან ამოტანის პროცესს.
რა სახის მეხსიერება არსებობს?
მეხსიერების ფორმებია – სენსორული, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება. სენსორული მეხსიერების შემთხვევაში ინფორმაციის შესვლა ხდება სენსორული გზით – შეგრძნების ორგანოებით. ხანმოკლე მეხსიერება – მასში სენსორული მეხსიერებიდან ის შინაარსი გადადის. ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვის დრო 20-30 წამია და შესაძლებელია 5-დან 9 ერთეულამდე აღდგენა ინფორმაციის. ხანგრძლივი მეხსიერების შემთხვევაში, კი მისი მოცულობა და შენახვის დრო პრაქტიკულად განუსაზღვრელია, სწორედ ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთ მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ლექცია-სემინარებზე მოწოდებულმა ინფორმაციამ ადგილი დაიკავოს ხანგრძლივ მეხსიერებაში.
რა გზით არის შესაძლებელი რომ ლექცია–სემინარებზე მოწოდებულმა ინფორმაციამ ადგილი დაიკავოს ხანგრძლივ მეხსიერებაში?
შთაბეჭდილების ხარჯზე. ამ შთაბეჭდილებას რა ფორმით მიიღებს სტუდენტი, ეს უკვე დამოკიდებულია კომუნიკაციაზე სტუდენტებსა და ლექტორებს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ფსიქო ტიპის სტუდენტებისგან შედგება ჯგუფი, ამიტომ უნდა მოხდეს თითოეული მათგანისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ფორმით.
რა სახის კვლევა ჩატარდა?
რაოდენობრივი კვლევა, რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: პირველი მასობრივი გამოკითხვა, რის შედეგადაც შემუშავდა საკვლევი ჰიპოთეზა და ჩატარდა ექსპერიმენტი სტუდენტებს შორის. ორ ჯგუფად იყო დაყოფილი სტუდენტები. ერთ ჯგუფთან სწავლება მიმდინარეობდა მეტა კოგნიტიური აქტივობებით, ხოლო მეორე ჯგუფთან ამ სწავლების გარეშე. კვლევის დაწყებას წინ უძღოდა საკითხი – სტუდენტების კონცენტრაციის პრობლემები ლექციებზე, გუნება განწყობის დაქვეითება.
კვლევამ აჩვენა რომ, სტუდენტები უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას როდესაც ვიზუალური, სმენითი და წერილობითი კომპონენტებია ჩართული ლექციის დროს.
რეკომენდაციები:
ლექციები უნდა ჩატარდეს მეტაკოგნიტური აქტივობების მიხედვით, აკრონიმების ჩართულობით უადვილდებათ სტუდენტებს ინფორმაციის დამახსოვრება, ლექციაზე მიწოდებული მასალა და დრო უნდა იყოს ადეკვატური, სასურველია რომ უნივერსიტეტებს ჰყავდეთ ფსიქოლოგები, სტუდენტებმა უნდა დაარეგულირონ ძილის პრობლემა, რაც პანდემიის დროს შეექმნათ. ჯიგსოუს მეთოდი დაინერგოს ლექციებზე, რა მოიცავს შემდეგ ფაზებს: პირველი ფაზა – შესავალი, მეორე ფაზა – ცალკეული თემის ნაწილების დამუშავება, მესამე ფაზა – ინფორმაციის გაღრმავება, მეოთხე ფაზა – სტუდენტები მიღებულ ინფორმაციას გადასცემენ ერთმანეთს, ბოლო ფაზა – თითოეული სტუდენტის ცოდნის შეფასება ინდივიდუალურად.