რა სჭირდება ადამიანს მთლიანობისთვის – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი”ტრენერმა და მენტორმა ხათუნა მდინარაძემ ისაუბრა.
რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი?
ყველა დროსა და სივრცეში ადამიანი უამრავი გამოწვევის წინაშე იდგა. თუ პირველყოფილ წყობაში რომელიმე ცხოველისგან ან სტიქიური უბედურებისგან უნდა დაეცვა თავი, მოეპოვებინა საკვები და საერთოდ, ებრძოლა გადარჩენისთვის, დღესაც შინაარსობრივად იმავეს აკეთებს, უბრალოდ შეიცვალა ფორმები – ვართ კონკურენციაში, უნდა ვმართოთ დრო, ავაწყოთ პირადი ცხოვრება, გავუგოთ სხვა ადამიანებს, გამოვხატოთ საკუთარი თავი, ვუპასუხოთ გამოწვევას და კიდევ ათასი საფიქრალი, რაც შიშებსა და შფოთვებს იწვევს.
ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობს არა მხოლოდ ეგზისტენციალური კითხვები და გამოწვევები, არამედ ყოველდღიური სტრესებიც აუარესებენ. ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო ადამიანის კიდევ უფრო დანაწევრებას, „როგორც ლერწამს, რომელსაც ქარის ერთი შემობერვაც კი წელში სტეხს“. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ ადამიანს ეს ორმაგობა და პოლარობა არსებობიდანვე მოჰყვება, რაც მისი დანაწევრების საფუძველია.
რა წინააღმდეგობები არსებობს ადამიანში?
ჩვენში მუდამ არსებობს ეს წინააღმდეგობა: მინდა-არ მინდა, სიკეთე-სიბოროტე, სიბეჯითე-სიზარმაცე, ქაოსი-წესრიგი და სხვა. სწორედ აქ ისმის მთავარი კითხვა – რა შეიძლება გავაკეთოთ ამ დროს?!
პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ეს არის სამყაროს მოცემულობა და ჩვენ მას ვერ შევცვლით, შეგვიძლია შევცვალოთ მხოლოდ მიდგომები და გამოვიმუშაოთ მისი მართვის საშუალებები. ადამიანად ყოფნა გულისხმობს არა მხოლოდ ბრძოლას არსებობისთვის, არამედ ზრდას, განვითარებას, ცვალებადობას. ეს კი შეუძლებელია ნათელი ცნობიერების და მსოფლმხედველობის გარეშე. მსოფლმხედველობა კი არის ადამიანის თვითშემეცნების ფორმა, ღირებულებათა სისტემა, მისი ცხოვრების საზრისის გარკვევა, ვინ ვართ, საიდან მოვედით და საით მივდივართ, რაც თავისთავად გვეხმარება, რომ „გადავლახოთ ადამიანად ყოფნა“, როგორც ნიცშე უწოდებდა.
მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური არის მიმღებლობა – „უპირობო დადებითი განწყობა“, როგორც კარლ როჯერი უწოდებს, რაშიც ყველაზე ძალიან ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია გვეხმარება. უპირობო დადებითი განწყობა, რომელიც გულისხმობს განსჯის, კრიტიკის, შეფასების გარეშე მიღებას და დაფასებას, არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ზრდასრულებიც მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი უფრო ღია გახადოს სიახლეებისა და გამოცდილებისადმი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პირობაა რეალიზების, სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის.
მესამე დამაგვირგვინებელი რგოლი არის თავისუფლების შეგრძნება, რომელიც პირველი ორი პუნქტის სინთეზით მოდის, რაც თავისთავად „ამართლებს“ ადამიანად ყოფნას, საერთოდაც თუ სჭირდება მას „გამართლება“, რადგანაც ჩასახვის დღიდან უკვე გამართლებულია შენი, როგორც ადამიანის არსებობა. თუმცა, ამ შეგრძნებას და შინაგან თავისუფლებას რომ მივაღწიოთ, ხშირად შემახსენებელი ფაქტორები და „სამყაროს მუჯლუგუნები“ გვჭირდება. ალბათ, ამით არის საინტერესო ეს სამყაროც და ადამიანის გზაც. სიყვარული, შემეცნება და თავისუფლება – ეს არის ის სამი კომპონენტი, რაც გვამთლიანებს და გვაახლოებს საწყისთან.