LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შანსი დარჩა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს: ოპოზიცია „ლეიბორისტების“ ოფისში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა

89
44

„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიცია  მომავალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.

შეხვედრამდე ოპოზიციის ლიდერებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

ისინი გამოსავალის ძიებაში სხვადასხვა გზას ასახელებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი უკვე ძალიან მალე გააჟღერებენ.

პარტია „ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა პაატა დავითაიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, მას აქვს კონკრეტული საკითხები, რასაც დღეს ოპოზიციის შეხვედრაზე დააყენებს.

პაატა დავითაიას სურვილია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე დააყენოს საკითხი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ მომდევნო არჩევნებში, მათ შორის რიგგარეშე, ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ერთიანად, ერთი ბლოკის ფარგლებში მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „რეალურად „ქართული ოცნება“ შლის მოლაპარაკებების პროცესს კადნიერი და უღირსი განცხადებებით“.

„მიკვირს იმ მოქალაქეების, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს.“- აცხადებს მელია.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ახალი არჩევნების გარეშე ვერ განიმუხტება.

„ქართული ოცნება“ შლის მოლარაკებების პროცესს ასეთი კადნიერი და უღირსი განცხადებებით, რომელიც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მივანიჭებთ იმ ფუფუნებას ვერავის, თქვან, რომ ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ბუნებრივია, ამ პროცესის პარალელურად დაიწყება სამოქალაქო პროტესტის მზადება ახალი არჩევნების გარშემო.“ – ამბობს მელია.

ძალიან მსურს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში: კახი კახიშვილი კონსტრუქციული ოპოზიციის მნიშვნელობაზე საუბრობს

"როცა ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს, აუცილებლად სჭირდება განსხვავებული აზრი, რომ თვითკმაყოფილების გრძნობა არ გაუჩნდეს და არ გადაამლაშოს".

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„საბოლოო ჯამში, თავისუფალი სამყარო, სხვადასხვა ფორმით და ინტენსივობით მხარს უჭერს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, დემოკრატიას. მოლაპარაკების შემდეგი, მეხუთე რაუნდი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. აბა, ოპოზიციას ყოველთვის მზაობა ჰქონდა და აქვს. ზოგადად, ყველა გულწრფელად შეწუხებულ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მოლაპარაკებები საჭიროა იმათთან, ვინც ძალიან არ მოგვწონს, აბა ვინც მოგვწონს მათთან მოლაპარაკებები საჭირო არ არის” – განაცხადა ბოკერიამ.

„პოლიტიკური კრიზისი თუ არ განიმუხტება, არ იქნება მშვიდობა“ –  აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მისული „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრიაშვილი.

მისი თქმით, ხელახალი არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება.

„მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ასე შემდეგ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ან თუ ვინმე რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ეს არის ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, არ იქნება მშვიდობა. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, შვილების წარმატებული კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ცხადად და ნათლად დანახვა. დღეს მომავალს ვერ ხედავენ.

მეხუთე რაუნდს რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიების ჩახსნა მოხდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ შემოდით პარლამენტში, მეხუთე რაუნდის დროს აზრს კარგავს, ლოგიკას კარგავს. მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს იმაზე, როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში, არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს ვიქნები, – აცხადებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს პარტიებმა საჯაროდ უნდა ისაუბრონ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.

“ეს სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი აქამდე არ იყო და ახლა უფრო მკაფიოდ არის გადაწყვეტილებები მისაღები ოპოზიციაში. ანუ თუ ბოიკოტია, ბოიკოტი უნდა იყოს და ბოიკოტი ვისთვის რას ნიშნავს უნდა თქვას თითოეულმა პარტიამ. უნდა ვთქვათ, როგორ წარმოგვიდგენია ქუჩაში ცხოვრება და ქუჩაში თანამშრომლობა, მაშინ როდესაც ქვეყანა 30 წლის შემდეგ ფაქტობრივად იგივე წერტილს დაუბრუნდა“,- აცხადებს მეგრელიშვილი.

სანამ პატარა ფანჯარა, ნახევარი პროცენტიც კი რჩება მოლაპარაკების შესაძლებლობის, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდება, რომ ეს მოლაპარაკება არ ჩაშალოს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, – აცხადებს  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

მისივე თქმით, უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის  განცხადებებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ კეტავს მოლაპარაკების ყველანაირ შესაძლებლობას.

„გუშინდელი ყოვლად არაკანონიერი, კონსტიტუციიდან გასული მუქარები, ტერორი და ა.შ. რა თქმა უნდა, არ აუმჯობესებს მოლაპარაკებების გარემოს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ამისთვის, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ თვითონ იჯახუნებს კარს და თვითონ კეტავს შესაძლებლობას ყველანაირი მოლპარაკებების. მათგან განსხვავებით, ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ იმ საკითხებზე, რაც ოპოზიციას აქვს შეთავაზებული, ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები და საარჩევნო გარემო და არანაირი სხვა საკითხები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g