LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედეგებს მოუტანს მოსახლეობას ”მაგთის” და ”დელტაკომის” გარიგება?

86

”მაგთიკომსა” და ”დელტაკომს” შორის ”მაგთიკომის” მიერ ”დელტაკომის” 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა.

როგორც ”ფორტუნას” ”მაგთიდან” აცნობეს, ”დელტაკომის” შესყიდვის შემდეგ, ”მაგთიკომი” ინტერნეტის რეგიონალური წვდომის არეალის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს, რაც როგორც მომხმარებლებს, ისე ტელესაკომუნიკაციო დარგს და მთლიანად ქართულ ეკონომიკას სასიკეთო შედეგებს მოუტანს.

მათივე ინფორმაციით, ”დელტაკომი” საწყისი პერიოდის განმავლობაში თავისი სახელით გააგრძელებს ოპერირებას. შესაბამისად, ”დელტაკომის” არსებული მომხმარებლებიც მომსახურებას უწყვეტ რეჟიმში ისევ აღნიშნული კომპანიისგან მიიღებენ.

შეგახსენებთ, ამა წლის 19 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „მაგთიკომმა“ და შპს „დელტაკომმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტაკომის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა აღნიშნული გარიგების დეტალები და დაადგინა, რომ შპს „დელტაკომის“ წილის 100 პროცენტის შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამა წლის 18 ნოემბერს მიზანშეწონილად ჩათვალა ოფიციალური თანხმობა განეცხადებინა ”მაგთიკომის” მიერ ”დელტაკომის” შესყიდვის თაობაზე.

შპს „დელტაკომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტრალური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში აქვს: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

”მაგთიკომისთვის” კი წელს ეს უკვე მეორე მსხვილი გარიგებაა. კომპანიამ მანამდე ”კავკასუს ონლაინის” საცალო და კორპორაციული საოპერაციო აქტივები შეიძინა და მანამდე არსებულ ბიზნეს მიმართულებებს (მობილურ, ფიქსირებულ ტელეფონიას და სატელიტურ ტელევიზიას) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და IP ტელევიზია დაუმატა.

mazda magti 5g