LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში არ დაუშვებენ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მფლობელებს საქართველოს ტერიტორიაზე

159
ვიდეო ჯარიმა

უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მფლობელები, ვიდეოჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დაუშვან, მანამ სანამ პირი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის – აღნიშნული ცვლილების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში იგეგმება.

„27-ე პუნქტში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მეათე მუხლის შემდეგ დაემატა მეთერთმეტე და მეთექვსმეტე ნაწილები – უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მიერ საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე პირველი მოსმენის ფარგლებში ძალიან ბევრი შენიშვნა გამოითქვა. აღნიშნულ საკითხზე შსს-ს მიერ გაკეთდა განცხადება, ის საკანონმდებლო რეგულირება, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ვიდეოჯარიმების აღსრულებას უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მიმართ ვერ უზრუნველყოფდა.

მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის სანომრე ავტომობილი დაარღვევს ამ საგზაო მოძრაობის წესებს და ამის ასახვა ვიდეოჯარიმის მეშვეობით მოხდება, (საუბარი არ არის საპატრულო პოლიციის და პირის შეჩერება-დაჯარიმებაზე), ჩვენ ამ ჯარიმებს ოფიციალურ გვერდზე გამოვაქვეყნებთ და პირს აღნიშნული ჯარიმის გადასახდელად 30 დღის ვადა მიეცემა, ნაცვლად ჯარიმის ფოსტით გაგზავნისა. თუ კი ამ ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მოხდება შესაბამისი საურავისა და სანქციების გამოყენება, და საბოლოო ჯამში, თუ პირი არ გადაიხდის ამ ჯარიმას, საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ ექნება, იქამდე სანამ სახელმწიფოს წინაშე არსებულ ჯარიმას არ გადაიხდის.

ასე რომ, ეს მექანიზმი საკმაოდ ეფექტიანი იქნება. საპატრულო პოლიცია, თუკი დაჯარიმებულ ავტომობილს გააჩერებს, მას ადგილზე ჩააბარებს ჯარიმებს და ათვლა იქიდან დაიწყება, როცა ამ ჯარიმების ჩაბარება მოხდება. ამ ჯარიმების აღსრულების ბერკეტი იქნება ის, რომ ასეთი ტიპის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ ექნებათ“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

მან პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კანონპროექტმა დეპუტატების მიერ გაკეთებული კომენტარების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g