თუ ტყიბულის მაღაროში საწარმო პროცესი არ დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს, კომპანიას შახტის ერთერთი უბნის დახურვა მოუწევს, ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში განაცხადეს. კომპანიის განმარტებით, თუ მაღაროელები მუშაობას არ განაახლებენ, შესაძლოა, 200-მდე ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს.
რაც ეხება მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორმა, ნინო ნიაურმა განაცხადა, კომპანია მზად არის, მაღაროელებს ხელფასები მოუმატოს, თუმცა ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც მაღაროელები სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან.
”ხელფასები არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება ერთ დღეში განდაწყდეს, ეს არის გრძელვადიანი განხილვის საკითხი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ამაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღაროელები ჩავლენ შახტაში და გააგრძელებენ მუშაობას. სხვა შემთხვევაში, ამაზე საუბარი ზედმეტია” – განაცხადა ნინო ნიაურმა.
რაც ეხება მაღაროელების ბრალდებას, რომ მათ არ აქვთ სპეციალური სამუშაო ტანსაცმელი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელები აღჭურვილი არიან სპეციალური ტანსაცმლით, თუმცა მათ აქვთ დამატებითი მოთხოვნები.
” აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ აქამდე არ ჰქონდათ ტანსაცმელი, არამედ, იმის გამო, რომ მათ განსაკუთრებულ პირობებში უწევთ მუშაობა, შახტაში გარკვეულ მონაკვეთზე განსხვავებული კლიმატური პირობებია და ამის გამო უფრო თბილი ტანსაცმელი სჭირდებათ, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ” – განაცხადა ნინო ნიაურმა.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორის თქმით, მაღაროელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ნინო ნიაურმა აღნიშნა, მომზადდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ერთერთი პუნქტი მოიცავს სოციალურ საკითხებსა და, გარკვეულ პერიოდში, ხელფასების გადახედვას. მისი განცახდებით, სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები.