პირველი „მის თბილისი“, ნუკა კაციტაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ასევე მისი გარეგნული მსგავსებით გახდა უიტნი ჰიუსტონთან და მომღერალს პირადად შეხვედრია კიდეც, ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადი ცხოვრებისა და დანგრეული ოჯახის შესახებ საუბრობს.
ნუკა აღნიშნავს:
„ინსტიტუტი დავამთავრე, ძალიან კარგ სპექტაკლში ვითამაშე, მაგრამ რომ გავთხოვდი და დავფეხმძიმდი, თეატრში ვეღარ ვიარე. მერე რუსეთში გადავედით საცხოვრებლად და აირია ჩემი სამსახიობო კარიერა. ამის გამო გული მტკიოდა. 13 წლის შემდეგ მეუღლეს გავშორდი, მაშინ უკვე ორი შვილი მყავდა. არასასიამოვნო სიტუაცია მქონდა, ბევრიც ვინერვიულე. ჩვენი შერიგება აღარ გამოდიოდა. მე მასზე 15 წლით უმცროსი ვიყავი და დათმობას აღარ ვაპირებდი…“
მას შემდეგ, ნუკა კაციტაძეს მეორე ოჯახის შექმნაზე აღარ უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა: „ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, ორივეს შუაში ვეწექი. ეს მერჩივნა, ვიდრე მე ვიღაც კაცთან ვწოლილიყავი და ჩემს შვილებს ენერვიულათ. ახლა უფრო არის შესაფერისი პერიოდი და თუ კარგი ადამიანი გამოჩნდება, შეიძლება, ხელი ჩაჰკიდო. ახლა ჩემი შვილები გაიზარდნენ, ქალიშვილი გათხოვილია, შვილიშვილიც მყავს, ბიჭიც დიდია და უფრო შეიძლება ამაზე ფიქრი. თუმცა რომ გითხრათ, ვინმეს ვეძებ-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან ხოლმე, შენ ახლა ვერავის აიტანო… გავთხოვდე და ვიღაცას გავყვე იმიტომ, რომ გათხოვილი ვიყო და მერე ვიღაცას ვუარო, ეს არ მინდა. გადასარევად ვცხოვრობ, ჩემი სახლი მაქვს, დილას კუს ტბით ვიწყებ, მეგობრები მყავს, შვილები, შვილიშვილი. ვინმე თუ უფრო გაალამაზებს და გააუმჯობესებს ჩემს ცხოვრებას, კი ბატონო, თუ არადა, სრულიად არ არის საჭირო, მე ნამდვილად არაფერი მაკლია“.
მომხიბვლელი ქალბატონი ინტერვიუში ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოში ქალები, ვისაც ქმრები ჰყავთ, გარეგნობას ყურადღებას არ აქცევენ:
„ვისაც ქმარი ჰყავს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ზოგიერთების გამოკლებით, ძალიან ცუდად გამოიყურებიან. ამიტომ ქალბატონებო, გაითვალისწინეთ, ასაკი რომ ემატებათ, ვისაც ქმარი ჰყავს, ის აღარ აქცევს ყურადღებას გარეგნობას. ვისაც არ ჰყავს, ის ყოველთვის ცდილობს, თავს მოუაროს. არის გამონაკლისები, დეპრესიები და რთული მდგომარეობები, მაგრამ ამ დროს ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“.
