ევროკავშირის საბჭომ მესამე სამყაროს ქვეყნებიდან შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ რეკომენდაცია დაამტკიცა. მოგზაურთათვის ერთგვარი საშვი იქნება ახალი კორონავირუსის ვაქცინა. ინფორმაციას Deutsche Welle-ზე დაყრდნობით “იმედინიუსი” ავრცელებს.
ვინაიდან ვაქცინაცია ამცირებს არა მხოლოდ COVID-19-ით ინფიცირების, არამედ კორონავირუსით სხვების დაავადების ალბათობას, ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მესამე სამყაროს ქვეყნების სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუშვებენ. უფრო მეტიც, მათი მოგზაურობის მიზანი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის – ტურისტული.
აცრის ძირითადი დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება ციფრული კოვიდ- სერტიფიკატი, ევროკავშირის „ციფრული მწვანე სერტიფიკატი“ და ასევე მათი ანალოგები მესამე სამყაროს ქვეყნებიდან. ამავდროულად, ეს დოკუმენტი ჯერ დამტკიცებული არ არის: ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს განაგრძობენ. იქამდე კი შენგენის ზონის ქვეყნებს შეეძლებათ მიიღონ სხვა ქვეყნების მიერ გაცემული სერტიფიკატები, თუ მათი ავთენტურობის შემოწმება შესაძლებელია.
ბავშვები, რომლებიც ასაკის გამო ჯერჯერობით აცრილები არ იქნებიან, შენგენის ზონაში შესვლას ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად შეძლებენ. თუმცა, მათ მოუწევთ წარადგინონ ბავშვის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე არა უადრეს 72 საათისა გაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში დაიშვებიან ის პირები, რომლებიც ევროკავშირში რეგისტრირებული რომელიმე ვაქცინით იქნებიან აცრილი: BioNTech / Pfizer-ი, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson-ი. ეს ეხება სამხრეთკორეული წარმოების AstraZeneca-საც, რომელსაც იყენებენ, მაგალითად, უკრაინაში. წესით, პრობლემები არ უნდა შეექმნათ მათაც, ვინც Covishield-ითა და ჩინური კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული პრეპარატით აიცრა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ამ გაერთიანებაში შემავალ თითოეულ სახელმწიფოს ” ასევე შეუძლია” შეუშვას ის პირები, ვინც ზემოთ ხსენებული პრეპარატებით სრულად არის აცრილი.