LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ მემკვიდრეობით კუთვნილ ქონებას: რჩევები იურისტისგან

29
FORTUNA.GE (6)

მემკვიდრეობით ქონების მიღება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რაზეც სამოქალაქო საქმის ადვოკატებს არაერთი ადამიანი მიმართავს და იურისტებს ამის არაერთი ქეისი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ იმიტომ რომ შვილი ხარ, შეიძლება მშობლის ქონება ვერ მიიღო. რა უნდა იცოდეთ, რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს – ადვოკატმა მია ზოიძემ გადაცემა „კანონის ფარგლებში“ დეტალურად ისაუბრა.

დავიწყოთ პირველ რიგში იმ პრობლემების ჩამოთვლით, რაც ყველაზე ხშირია მემკვიდრეობით ქონების გადაცემის დროს…

სამკვიდროს გადაცემის საკითხი იწყება სამწუხარო ამბით – ადამიანის გარდაცვალებით. როდესაც პირი გარდაიცვალა, ამის შემდეგ იწყება მისი ქონების გადაცემის საკითხი. ანუ არა მხოლოდ უფლებები გადადის, არამედ შეიძლება ვალდებულებებიც გადავიდეს, მაგ. სესხი ჰქონდა პირს და ესეც გადავა. ახლა გავარკვიოთ ჯერ, ვინ არის მისი მემკვიდრე.

ქონება აუცილებლად შვილს გადაეცემა?

შვილი რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მიიღებ ქონებას. კანონით დაყოფილია, ვინ უფრო ახლო ნათესავია და ვის უფრო მეტად ეკუთვნის. არის 5 რიგის მემკვირდე. პირველი რიგის მემკვიდრეებს შორის არის მეუღლე, მშობლები და შვილები. მათ თანაბარი უფლებები აქთ, თანაბრად იყოფა თუ ყველა სახეზეა. მარტო ის რომ შვილი ხარ, ნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღებ მშობლის ქონებას.

რა შემთხვევაში შეიძლება შვილს არ დარჩეს ქონება?

მემკვიდრეობა გადადის ორი გზით – ანდერძით და კანონით.

ანუ კანონის მიხედვით თანაბრად ნაწილდება შვილებს შორის?

თუ ორივემ მიმართა ნოტარიუსს პირის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ თანაბრად იყოფა. ნოტარიუსის გარდა, არის ქონების ფლობის მეორე გზა – ფაქტობრივი ფლობა. მაგ. შვილი ცხოვრობს მშობლის სახლში, განზრახვა აქვს, რომ ეს მას ეკუთვნის, რადგან ის განაგებს, იხდის გადასახადებს, ან მიწის ნაკვეთი თუ არის, ამუშავებს.
განვიხილოთ ჯერ ის შემთხვევა, როცა არც ფაქტობრივი ფლობაა და არც 6 თვის განმავლობაში ნოტარიუსთან მიდის. მაგ. საზღვარგარეთ ვცხოვრობ და არანაირი ზომები არ მივიღე. 1 წლის მერე რომ გამახსენდება, მე ვერ მივიღებ ქონებას, რადგან ეს უფლება არ გამოვიყენე თავის დროზე. რაც შეეხება ფაქტობრივ ფლობას, ეს უნდა დაადასტუროს პირმა, რომ ნამდვილად ის უვლის, გადასახადებს იხდის და ა.შ.

დავუშვათ ეს დაადასტურა, რომ ის უვლის სახლს, განაგებს, გადასახადებს იხდის, რაღაც წილი მის ძმას ან დას მაინც ხომ ეკუთვნის?

არა, რადგან გარდაცვლილის შვილია – მხოლოდ ამის გამო, არ ეკუთვნის. თუ 6 თვეში არც ნოტარიუსს მიმართა და არც ფაქტობრივ ფლობასთან გვაქვს საქმე, ქონება არ ეკუთვნის.

ახლა განვიხილოთ ის შემთხვევა, როცა არსებობს ანდერძი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც იქ არის მოხსენიებული, მხოლოდ მისია ქონება?

არა, უნდა გაირკვეს, არსებობენ თუ არა პირველი რიგის მემკვიდრეები. მაგ. ანდერძით ქონება დაუტოვეს მეზობელს, მაგრამ არსებობს შვილი და მეუღლე. მათ სავალდებულო წილი მაინც ეკუთვნით. ეს სავალდებულო წილი კი არის იმის ნახევარი, რაც ერგებოდათ მათ რომ არ ყოფილიყო ანდერძი. კანონი უახლოეს გარემოცვას არ ტოვებს ქონების გარეშე.

თუ შვილები არასრულწლოვანი გყავს, ასეთ დროს რა ხდება, მათ აქვთ ქონებაზე უფლება?

მათ ისეთვე უფლება აქვთ, როგორც სრულწლოვანს, მაგრამ თუ დედამ არ მიმართა სანოტარო ბიუროს და ბავშვის სახელზე არ დაარეგისტრირა ქონება გარდაცვალებიდან 6 თვეში, ეს ვადა ამ შემთხვევაში შეიძლება მოგვიანებით აღდგეს, როცა ბავშვი სრულწლოვანი გახდება. მერე შეუძლია სასამართლოს მიმართოს და აღადგინოს ვადა.

თუ განქორწინების შემთხვევაა?

თუ ასეა, განქორწინების შემთხვევაში მეუღლე პირველი რიგის მემკვიდრე ვეღარ იქნება, შვილი ჩვეულებრივად იქნება. თუნდაც ქორწინების გარეშე იყოს დაბადებული. მთავარია დაბადების მოწმობაში იყოს მითითებული, რომ ის არის მშობელი.

დავუშვათ არ არის ანდერძი, შვილები არასრუწლოვანი გყავს და მშობელმა გადაწყვიტა, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილებს არ მისცეს ქონება, ან ერთს მისცეს და მეორეს – არა, ასეთ დროს რა ხდება?

ამ შემთხვევაში მეორე მშობლის როლი მინიმალურია. საქართველოში ხშირი იყო, რომ უცროსს ან უფროსს ეკუთვნის, ან ბიჭს ეკუთვნის და გოგოს არა – კანონში ამის გარჩევა არ არის. ორივეს ექნება თანაბარი უფლებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები