საქართველოში ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო სტანდარტი – GMP-ის აღება ადგილობრივად მოხდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანია ” PSP-დან აცნობეს, GMP-ის სტანდარტის სერტიფიკატის საქართველოში გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
„აღნიშნული სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ქართული ფარმაცეტული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება,“- განაცხადეს PSP-ში.
მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შესაბამისად, დღეიდან იწყება მუშაობა ამ მიმართულებით. „აღნიშნული სერთიფიკატის ადგილზე დანერგვა სტიმულს მისცემს ფარმაცევტულ კომპანიებს , გაზარდონ და განავითარონ საკუთარი წარმოება”, – განამრტეს PSP-ში.
მათივე ცნობით, აღნიშნული სერთიფიკატის ქონა ადასტურებს იმას, რომ კონკრეტული კომპანიის წარმოება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
”ეს არის ხარისხის სერთიფიკატი ფარმაციის სფეროში. აქამდე მის მისაღებად, უშუალოდ ჩვენს კომპანიას, უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან და ბრიტანეთიდან ჩამოჰყავდა. ისინი ამოწმებდნენ ”პე-ეს-პეს” წარმოებას და გვაძლევდნენ ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო სტანდარტ – GMP-ის. ბუნებრივია ეს ყველაფერი დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული”, – აღნიშნეს ფარმაცევტულ კომპანიაში.
შეგახსენებთ, პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილა. ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში მედიკამენტები 600 მლნ დოლარამდეა, ამდენად , ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. ამავე დროს, მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში შესამჩნევია ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ექსპორტის საკმაოდ მზარდი ტენდენცია.