რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თოდუას კლინიკის ონკოლოგი, ასოცირებული პროფესორი მაკა აბულაძე სტუმრობდა, რომელმაც ე.წ. „ლურჯ მარტსა“ და კოლორექტული კიბოს ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
– ქალბატონო მაკა, რას წარმოადგენს კოლორექტალური კიბო?
– კოლორექტალური კიბო – მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ნაწლავის ეპითელური უჯრედებისგან ვითარდება. სხვა სიმსივნეებისგან განსხვავებით კოლორექტალური კიბოს პრევენცია შესაძლებელია, რადგან მეტწილად დაავადება ადენომატოზური პოლიპისგან ანუ ნაწლავის ღრუს წარმონაქმნისგან ვითარდება, რომელიც მხოლოდ დროთა განმავლობაში გარდაიქმნება ავთვისებიანად, პოლიპის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში კი, თავისუფლად შეიძლება სიმსივნის თავიდან აცილება.
– მართალია, პაციენტებისთვის კოლორექტალური კიბოს სკრინინგი უფასოა, მაგრამ სინამდვილეში მეტად ძვირადღირებული პროცედურის ხარჯს სახელმწიფო ფარავს. რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი პროცედურა და რამდენად ხშირად მიმართავს მოსახლეობა ამ მომსახურებას?
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკრინინგი ადრეულ სტადიაზე ავლენს დაავადების, როცა სრულად შეიძლება მისი აღმოფხვრა. სამწუხაროდ, კოლონოსკოპიით სკრინინგს, რომელიც 50-70 წლის ასაკშია რეკომენდებული და ყველაზე ეფექტურად ითვლება, მოსახლეობა ძალიან იშვიათად მიმართავს. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4%-მა ისარგებლა მსგავსი მომსახურებით, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. 1970 წლიდან – სკრინინგის დანერგვიდან 2020 წლამდე, წამყვან ქვეყნებში 56%-ით შემცირდა კოლორექტალური კიბოთი სიკვდილიანობა, განვითარებად ქვეყნებში კი, სადაც მოსახლეობა ნაკლებად მიმართავს სკრინინგს, სიკვდილიანობის ბევრად მაღალი მაჩვენებელია, სამწუხაროდ საქართველოში 50%-ზე მეტი დაგვიანებული შემთხვევაა.
– როგორია გლობალური სტატისტიკური მონაცემები და რა მდგომარეობაა ლოკალურად?
– საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში კოლორექტალური სიმსივნეები მესამე პოზიციაზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი, მეორე ადგილს იკავებს.
– რა როლი ენიჭება ჯანდაცვის პირველად რგოლს დაავადების პრევენციის და ცნობადობის ამაღლების საქმეში?
– ჯანდაცვის პირველადი რგოლის როლი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი მოვალეობაა პაციენტის დროულად გადამისამართება სკრინინგ-ცენტრში. სამწუხაროდ, დაავადებას ნაკლებად გამოკვეთილი სიმპტომები აქვს და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, პაციენტს კი, მხოლოდ გვიან ეტაპზე უჩნდება ჩივილები.
– რა სიმპტომებით ხასიათდება კოლორექტალური კიბო?
– პირველ რიგში, ადამიანმა საკუთარ ორგანიზმს უნდა მოუსმინოს, რადგან მასზე უკეთ არავინ იცის, რა არის მისთვის ბუნებრივი და რა ნორმიდან გადახრა. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი სწორედ ჩვეული რიტმის დარღვევაა, მაგალითად, თუ ადამიანს სამ დღეში ერთხელ ჰქონდა კუჭის მოქმედება, მერე კი, მოულოდნელად გაუხშირდა, არ უნდა უგულებელყოს და აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს ის პაციენტები მიეკუთვნებიან, რომელთაც ნაწლავის ანთებითი დაავადებები აქვთ. მათ განსაკუთრებული ყურადღება და სისტემატური კვლევა სჭირდებათ. მართალია, ნაწლავის ყველა სიმსივნეს განსხვავებული სიმპტომები აქვს, მაგრამ ყველა ერთნაირად ხასიათდება რკინადეფიციტური ანემიით. აღსანიშნავია, რომ ანემია არა დაავადება, არამედ სიმპტომია, ამიტომ აუცილებელია მისი მიზეზის დადგენა. სხვათა შორის, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში სწორედ კოლორექტალური კიბო იწვევს ანემიას და წონაში კლებას.
– რამდენად საჭიროა ცხოვრების მოდიფიცირება ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში?
– რა თქმა უნდა, მსგავსი დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა ცხოვრების დროულად მოდიფიცირება. სამწუხაროდ, კოლორექტალური კიბო მეტწილად 50 წელს გადაცილებულ მამაკებს უფრო ხშირად აღენიშნებათ. დაავადების განვითარების საფრთხის წინაშე არიან გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანებიც და პაციენტები, რომლებიც ქრონიკული წყლულოვანი დაავადებებით იტანჯებიან. მართალია, ამ მოცემულობის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია სკრინინგის დროულად ჩატარება. ამასთანავე, საჭიროა მავნე ჩვევების- ალკოჰოლისა და თამბაქოს დაძლევა, კვების სწორი რაციონის შერჩევა – წითელ და გადამუშავებული ხორცის პროდუქტზე უარის თქმა და ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რადგან პასიურ ცხოვრების წესს ჩვეულ პაციენტებში უფრო მაღალია სიმსივნის განვითარების ალბათობა.
– კოლორექტალური კიბოს დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს საქართველოში?
– დიაგნოსტირების და რადიოლოგიის თვალსაზრისით ნებისმიერი კვლევის ჩატარება შეგვიძლია. მართალია, კოლონოსკოპია ნაკლებად კომფორტული პროცედურაა, რადგან არასასიამოვნო მოსამზადებელი პროცესი უძღვის წინ, მაგრამ თავად პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, რადგან პაციენტს ამ პერიოდში სძინავს.
– კოლორექტალური კიბოს მკურნალობის რა მეთოდებით სარგებლობს თანამედროვე მედიცინა?
– საბედნიეროდ, საქართველოში ყველა რესურსი არსებობს დაავადების დასამარცხებლად, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დროული აღმოჩენაა, როცა პაციენტის სრულად განკურნება შეიძლება და არა სიცოცხლის გახანგრძლივება ან პალიატიურ მკურნალობაზე გადაყვანა. სიმსივნის პირველ და მეორე სტადიაზე ოპერაციაც საკმარისია სრული განკურნებისთვის, მესამე სტადიაზე ოპერაციასთან ერთად 6-თვიანი ქიმიოთერაპიაც აუცილებელია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ოპერაცია მხოლოდ გამოცდილმა ქირურგმა უნდა ჩაატაროს, რომელმაც ზუსტად იცის რას აკეთებს, რადგან სხვა შემთხვევაში მკურნალობა აზრს დაკარგავს. ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ დინამიურ დაკვირვებაზე გადავდივართ. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, რომელთაც წარმატებით დაამარცხეს სიმსივნე.