რა უშლის ხელს ადამიანს თვით-რეალიზაციაში – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ეკატერინე ჩიგოგოძემ ისაუბრა.
რას ნიშნავს თვით რეალიზაცია?
როდესაც ვამბობთ თვით-რეალიზაციას ან თვით-აქტუალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანში არის გარკვეული არარეალიზებული, ნედლი პოტენციალი, რომელიც მისი პიროვნული განვითარების შესაბამისად აღწევს ან ვერ აღწევს თავის სრულ/საუკეთესო გამოხატულებას.
ყველაზე დიდი გამოწვევა, უფრო ზუსტად კი დაბრკოლება, რომელიც ადამიანს ამ გზაზე ხვდება, არის მის მიერ არასაკმარისობის განცდა. სხვა არაფერი ისე არ მოქმედებს თვითრეალიზებულების შესრულებაზე, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი თვით-კონცეფცია, რაც ძირითადად არის მის მიერ საკუთარ თავზე წარმოდგენის, აზრის, შეფასების, დამოკიდებულების ერთობლიობა.
რა მოქმედებს ჩვენს თვით რეალიზაციაზე?
ადამიანი იბადება უკვე განსაზღვრულ მოცემულობაში, რომელშიც უკვე მოქმედებს წარმატება/წარუმატებლობის სტანდარტები და კრიტერიუმები. სოციუმი, რომელშიც ვიზრდებით და ვყალიბდებით პიროვნებად, თავისი ყველა რგოლით: საგვარეულო, სანათესავო, საგანმანათლებლო, სამეგობრო, სამეზობლო, სამსახურებრივი, საზოგადოებრივი და ა.შ. წარმოადგენს ერთ დიდ სისტემას, რომელიც მძიმე წნეხებს გვაკისრებს, დამოკიდებულს გვხდის მის ხანგრძლივად ფესვებგადგმულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებზე. ფაქტობრივად, ბავშვობიდან ერთგვარ მენტალურ-ემოციურ ტყვეობაში ვექცევით. აქედან თავის დაღწევა არ არის ადვილი, გამბედაობას მოითხოვს, რაც ბევრ ჩვენგანს არ ჰყოფნის და ის უბრალოდ ნებდება.
ადამიანი კარგავს თავისი უნიკალური პიროვნების შეგრძნებას, აღარ იცის ვინ არის – ნამდვილად მე ვარ თუ ის, ვინც დამაჯერეს რომ ვარ? ისევე როგორც ყველა მსხვერპლი, ადამიანი იწყებს დადანაშაულებას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, იწყებს სისტემის მოთხოვნების შესრულებას, თან ისე, რომ რეალურად ვერ ხდება ბედნიერი და რეალიზებული. ჩვენ დაგვაჯერეს, რომ „მე არ ვარ საკმარისად ლამაზი, განათლებული, ჭკვიანი, მოხერხებული, არ მაქვს საკმარისი ფული, კონტაქტები, არ მყავს მდიდარი მშობლები, ავტორიტეტები, ა.შ. დაგვაჯერეს, რომ არ ვართ საკმარისად კარგები ჩვენი სურვილების და მიზნების განსახორციელებლად, რომ ამ მოცემულობაში შეუძლებელია იყო ბოლომდე რეალიზებული, ამიტომ უნდა დათანხმდე მცირედზე, საშუალოობაზე, ნორმალურობაზე, სისტემის მიერ გადმოგდებულ ლუკმებზე. ნაწილი ადამიანებისა ამ წნეხის ქვეშ ექცევა და ერგება, ნაწილი ქვეყნიდან გარბის, დანარჩენები კი სამუდამოდ უარს ამბობენ საკუთარ საუკეთესო ცხოვრებაზე, საკუთარ ნებაზე და იმედგაცრუებულები ნებდებიან, რაც პირდაპირ ნიშნავს შეუქცევად პიროვნულ რეგრესს.
რა გავაკეთოთ რომ გავარღვიოთ მენტალური შეზღუდვები?
თუ გვინდა, რომ რეალურად გავიზარდოთ, მოგვიწევს აღიარება, მიმღებლობა, პატიება და განვითარება. ეს არ არის მარტივი, მაგრამ არც ისე რთულია, თუ მოტივირებული ხართ გახსნათ საკუთარი სრული პოტენციალი და შექმნათ თქვენი ცხოვრების სანატრელი ვერსია. თუ არ განვითარდებით, დარჩებით მსხვერპლად და სისტემა (სისტემები) ბოლომდე მოგიხმარენ ანუ გამოგიყენებენ თავისი განზრახვების შესრულებისთვის; ან განვითარდებით, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს, გახდებით შეუჩერებლები, დადებთ პირობას საკუთარი თავის მიმართ, რომ მუდმივად ისწრაფვით გაუმჯობესებისკენ, პროგრესისკენ, არ ჩარჩებით ვადაგასულ აზროვნებაში, დაარღვევთ მენტალურ საზღვრებს და გააფართოვეთ ცნობიერებას.
ამ პროცესში პროფესიონალურ მხარდაჭერას თუ აირჩევთ, ქოუჩის, ფსიქოლოგის, პიროვნული განვითარების სპეციალისტების სახით, გაცილებით უფრო სასიამოვნო და საინტერესო იქნება. ქართული საზოგადოება ძალიან მკაცრია ყველაფერი ახლის მიმართ, განსაკუთრებით თუ ეს ინტელექტუალურ პროდუქტს ეხება, მაგრამ აქაც უკვე დაძრულია პიროვნული განვითარების ტალღები, უკვე მოხდა გაცნობიერება, რომ პროფესიონალთან მუშაობა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, რომ რაღაც გჭირს ან თუნდაც გიჟი ხარ; პირიქით, ეს ნიშანია იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თვითრეალიზაციის გზაზე გადადგმულია და ამ გზაზე გყავთ მხარდამჭერი. განათლების როლი შეუცვლელია და სასიხარულოა, რომ უკვე არსებობს არაფორმალური განათლების სასწავლებლები, სადაც მოზარდები ეუფლებიან იმ პიროვნულ თვისებებს და უნარებს, რომლებსაც არსად სხვაგან არ ასწავლიან და ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი სწორედ მოზარდობის ასაკია. მერე ზრდასრულობაში უფრო ძნელდება, რადგან მენტალურ-ემოციური შეზღუდვები უფრო მყარადაა ადამიანის არაცნობიერ პროგრამაში ჩატვირთული, ხოლო ამის ზედაპირზე ამოტანას, გააზრებას და შეცვლას, გაცნობიერება სჭირდება, საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება.
შუა ასაკის (დაახლოებით 35-50 წლის) ადამიანებს ეზარებათ, უჭირთ, ეუხერხულებათ და რჩებიან ამიტომ სამუდამო ‘ლუზერებად’ ანუ წინასწარ შეგუებულები არიან წაგებას.