რა წესები არსებობს ვიდეო მონიტორინგის განხორციელების კუთხით – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა იურისტმა ანა შენგელიამ ისაუბრა.
რა შემთხვევებში არის დასაშვები ვიდეომონიტორინგის განხორციელება?
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების სპეციალურ წესებს ითვალისწინებს.ვიდეომონიტორინგი, როგორც საჯარო და კერძო დაწესებულებების, ისე ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს.ამასთან, დღესდღეობით შესაბამისი მოწყობილობები მონაცემთა სუბიექტების საუბრის ჩაწერის შესაძლებლობასაც იძლევა და სხვადასხვა საქმიანობის მიზნებისთვის აუდიომონიტორინგის განხორციელება აქტუალური ხდება.
აღნიშნულზე მეტყველებს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების, ასევე სხვადასხვა პირთათვის გაწეული კონსულტაციების სტატისტიკა.
ვიდეომონიტორინგის გზით პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ პირს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზანი გააჩნია, კერძოდ: დანაშაულის თავიდან აცილება ან მისი გამოვლენა; საზოგადოებრივი უსაფრთხოება; პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა; არასრულწლოვანის დაცვა (მათ შორის, მავნე ზეგავლენისგან დაცვის); საიდუმლო ინფორმაციის დაცვა; გამოცდის/ტესტირების მიზნები. მოცემული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლოა არსებობდეს სხვა საჯარო ან/და ლეგიტიმური ინტერესი ვიდეომონიტორინგის განხორციელებისათვის.
აუცილებელია, რომ ზემოხსენებული მიზანი/მიზნები იყოს რეალური და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებას წარმოადგენდეს.
რა სავალდებულო წესები უნდა დაიცვას პირმა რომელიც ვიდეომონიტორინგს ახორციელებს?
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ სივრცეებს სადაც ვიდეომონიტორინგის განხორციელება დაუშვებელია: გამოსაცვლელი ოთახები/სივრცეები, ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე ისეთი სივრცეები, სადაც სუბიექტს პირადი ცხოვრების დაცულობის გონივრული მოლოდინი აქვს ან/და ვიდეომონიტორინგის განხორციელება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება.
როგორც საჯარო, კერძო დაწესებულება, ასევე ფიზიკური პირი ვალდებულია თვალსაჩინოდ განათავსოს ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას, ასევე მარტივად აღქმად გამოსახულებას ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის თაობაზე და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელწოდებასა და მის საკონტაქტო მონაცემებს.გამაფრთხილებელი ნიშანი იმგვარად უნდა იყოს განთავსებული სივრცეში (ადგილი, რაოდენობა, ფერი და ა.შ.), რომ პირისთვის ვიდეომონიტორინგის ხედვის არეალი მარტივად იყოს აღქმადი.
კანონი ვიდეომონიტორინგთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციის წერილობით განსაზღვრის ვალდებულებას აწესებს: ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, ხანგრძლივობა და ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა, ვიდეოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება ფიზიკური პირზე, რომელიც საცხოვრებელ შენობაში ახორციელებს ვიდეომონიტორინგს.
ხაზგასასმელია, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვიდეომონიტორინგის სისტემა და ვიდეოჩანაწერები დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი ხელყოფისა და გამოყენებისგან, ხოლო ვიდეოჩანაწერებზე წვდომის თითოეული შემთხვევები უნდა აღრიცხოს.
რა უნდა გაითვალისწინონ პირებმა, რომლებსაც სურთ ვიდეომონიტორინგის საცხოვრებელ შენობაში/სივრცეში განხორციელება?
აღსანიშნავია რომ ფიზიკური პირის მიერ საკუთრების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ვიდეომონიტორინგის განხორციელება ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ხშირ შემთხვევებში, საკუთარი საცხოვრებელი შენობის გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგის დროს, ხედვის არეალში ექცევა მეზობლის ან მომიჯნავედ მცხოვრები პირის საცხოვრებელი სახლი, რაც სხვის პირად ცხოვრებაში არამართლზომიერი ჩარევის რისკებს ზრდის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელისა და საერთო სივრცის ვიდეომონიტორინგი, მხოლოდ მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით არის დასაშვები. თუ კონკრეტული საცხოვრებელი სივრცის მესაკუთრე ვერ დგინდება, შესაძლებელია აღნიშნული თანხმობა ფაქტობრივმა მფლობელმა განაცხადოს. ამასთან, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც რომ სხვა პირის ინდივიდუალური საკუთრების შესასვლელის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ მისი მესაკუთრის/მფლობელის წერილობითი თანხმობით არის დასაშვები და გათვალისწინებული უნდა იყოს მესაკუთრის/ფართით მოსარგებლე პირთა ლეგიტიმური ინტერესები.
გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ ვიდეომონიტორინგის ხედვის არეალი უნდა მოიცავდეს მხოლოდ იმ სივრცეს, რაც კანონიერი მიზნების მიღწევისთვისაა აუცილებელი და უნდა მოხდეს პირთა ინფორმირება გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსებით.
დასაშვები არის თუ არა დასაქმებული პირის სამუშაო პროცესის ვიდეომონიტორინგის განხორციელება?
ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათთან დასაქმებული პირების სამუშაო სივრცის/პროცესის ვიდეომონიტორინგი მხოლოდ იმ შემთხვევებში იქნება დასაშვები, თუ კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან. „სამუშაო სივრცეში“ მოიაზრება ძირითადი სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად განკუთვნილი სივრცე, სადაც დაწესებულებაში დასაქმებული პირები უშუალოდ ახორციელებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მაგალითად, სამუშაო ოთახი, სალარო და სხვ.).
აღნიშნულ შემთხვევებში, გარდა ვიდეომონიტორინგის გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსებისა, დამატებით, ორგანიზაცია ვალდებულია დასაქმებული პირი წერილობით გააფრთხილოს ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნ(ებ)ის შესახებ.
რა შემთხვევაში არის დასაშვები აუდიომონიტორინგის განხორციელება?
თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ რომ აუდიომონიტორინგის ცნებაში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება მოიაზრება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სხვადასხვა პორტატული მოწყობილობით (ტელეფონი, ხმის ჩამწერი და სხვა), ასევე ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომელიც აუდიოკონტროლის მექანიზმითაა აღჭურვილი.
კანონის თანახმად აუდიომონიტორინგის განხორციელება შესაძლოა დასაშვები იყოს შემდეგ შემთხვევებში: მონაცემთა სუბიექტის თანხმობით (რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ ნაბაყოფლობითობისა და ინფორმირებულობის კრიტერიუმებს, გამოხატული იყოს აქტიური მოქმედებით); საოქმო ჩანაწერის საწარმოებლად; დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად (თუ მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვისთვის სათანადო და კონკრეტული ღონისძიებები არის განსაზღვრული);საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ არის გათვალისწინებული.
აღსანიშნავია რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-4 მუხლი მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვის იმპერატიულ ვალდებულებას ადგენს. მათ შორისაა, მონაცემების მხოლოდ იმ მოცულობით დამუშავების ვალდებულება, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
ხშირია შემთხვევები, როდესაც სისტემის მეშვეობით ერთდროულად ხდება აუდიო- და ვიდეომონიტორინგის განხორციელება, რა დროსაც, უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, რამდენად არსებობს აუდიო- და ვიდეომონიტორინგის განხორციელების საფუძვლები, ხოლო მეორეს მხრივ, რამდენად პროპორციულია მონაცემთა ამ მოცულობით დამუშავება. მაგალითად, თუ კანონიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია ვიდეომონიტორინგის განხორციელებით, დამატებით აუდიომონიტორინგის გზით პერსონალური მონაცემების დამუშავება არაპროპორციულად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
რა სავალდებულო წესები უნდა დაიცვას პირმა რომელიც აუდიომონიტორინგს ახორციელებს?
პირი, რომელიც აუდიომონიტორინგს დაექვემდებარება ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით, რისთვისაც კანონი ორ სხვადასხვა გზას განსაზღვრავს:
⎯ მონაცემთა სუბიექტს აუდიომონიტორინგის განხორციელების შესახებ წინასწარ ან აუდიომონიტორინგის დაწყებისთანავე მიეწოდოს ინფორმაცია და განემარტოს უარის თქმის თაობაზე მისი უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
⎯ აუდიომონიტორინგის შესახებ ინფორმირება მოხდეს გამაფრთხილებელი ნიშნით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამის წარწერას, მარტივად აღქმად გამოსახულებას აუდიომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელწოდებასა და მის საკონტაქტო მონაცემებს.
თუ რომელი ზემოთ აღნიშნული ფორმით მოხდება პირის ინფორმირება აუდიომონიტორინგის თაობაზე, კონკრეტულ გარემოებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, ხოლო ინფორმირების მტკიცების ტვირთი კი ეკისრება აუდიომონიტორინგის განმახორციელებელ პირს.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, კანონი აუდიომონიტორინგთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციის წერილობით განსაზღვრის ვალდებულებას აწესებს: აუდიომონიტორინგის მიზანი და მოცულობა, აუდიომონიტორინგის ხანგრძლივობა, აუდიოჩანაწერზე წვდომის, მისი შენახვისა და განადგურების წესი და პირობები, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები.