LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც ჩვენს სარეპეტიციოში ხდება, მსგავსს ვერავინ იხსენებს” – ნიკოლოზ რაჭველი 10 წლის ცოტნეზე [ვიდეო]

2805
nikoloz rachvelii

ნიკოლოზ რაჭველი საზოგადოებას პატარა, უცნობ ვირტუოზს აცნობს. 10 წლის ცოტნე ეროვნულ ორკესტრთან ერთად რეპეტიციებს გადის და უფროს კოლეგებს აოცებს.

ნიკოლოზ რაჭველი წერს, რომ ამ ბიჭს წარმოუდგენელი, ღვთიური ნიჭი აქვს.

გარდა ამისა, ქართველი მუსიკოსი ბიჭის ტრაგიკულ ისტორიაზეც ყვება – მას 6 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, გადატანილი ტრაგედია კი მის შესრულებაში იგრძნობა.

პატარა ცოტნე დიდი აუდიტორიისთვის 1 ოქტომბერს ოპერაში დაუკრავს. რაჭველი წერს, რომ ცოტნე ამით ქართული ხელოვნების უახლესი ისტორიის წერას იწყებს.

“ბევრ ბრწყინვალე მუსიკოსს დაუკრავს ჩვენს ეროვნულ ორკესტრთან ერთად, დიდ შემსრულებლებასაც, უნიჭიერეს ახალგაზრდებსაც. ასეთი შეხვედრებით მართლაც განებივრებულები ვართ. რეაქციაც ყოველთვის შესაბამისია ხოლმე, აღფრთოვანება, სიხარული, აღტაცება… მაგრამ გუშინ და დღეს რაც ჩვენს სარეპეტიციოში ხდება, მსგავსს ვერავინ იხსენებს. ორკესტრან ერთად შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტის შესრულების შემდეგ (სხვათაშორის ამავე ნაწარმოების შესრულებით დახურა იუჯა ვანგმა წინანდლის ფესტივალი) ცოტნემ უფროს კოლეგებს თავისი ახალი ნაწარმოები “ატილა” მოასმენინა.

ამ სრულიად წარმოუდგენელ ღვთიურ ნიჭთან ერთად იმხელა სიღრმე და გადატანილი ტრაგიზმი იგრძნობა მის ჰარმონიაში, მელოდიაში, ფორმაში და ბგერაში, რომ ტაშის დაკვრა ბანალურად გეჩვენება იმასთან შედარებით რასაც ისმენ, რასაც ხედავ და რა შეგრძნებებიც გეუფლება. (აღქმის ხარისხი საკუთარ მასშტაბზეც არის დამოკიდებული, თუმცა უპირობოდ გენიალურს სრულიად ყველა გრძნობს და აფასებს).

ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ ეს რეპეტიციები არ გავს სხვებს. სხვათაშორის არ არის ეს სადღესასწაულო განწყობის სამუშაო პროცესი, ეს უფრო იდუმალია, სხვანაირი. მას არ უსწავლია მუსიკის წერა, ის უხილავ კავშირშია ზეცასთან, კოსმოსთან, რაც გვსურს ის დავარქვათ, ჩემთვის ამას ღმერთთან კავშირი ქვია.

სწორედ ამ მოვლენის თანაზიარი ვხდებით ამ დღეების განმავლობაში.

ცოტნე 6 წლის ხდებოდა ახალგაზრდა და ენერგიით სავსე დედა უცაბედად რომ გარდაეცვალა, დედა, რომელიც თავისი უკეთილესი თვისებებით ყველასგან გამოირჩეოდა, დედა, რომლის გარეშე მას ერთი საღამოც კი არ გაუტარებია. ტრაგედიისგან მიწასთან გასწორებულმა ბებიამ, ღვაწლიანმა პედაგოგმა და უმაღლესი გემოვნების მუსიკოსმა ნინა მამრაძემ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვებისთვის თავისი ქალიშვილი ჩაენაცვლებინა და ამას რა ძალა და ენერგია ჭირდება ალბათ მხოლოდ შვილგარდაცვლილმა მშობლებმა იციან… და აი შედეგი: დღეს ეს ადამიანი (აგვისტოში გახდა 10 წლის) უკვე წერს ჩემი სამშობლოს ხელოვნების უახლეს ისტორიას.

1 ოქტომბერს გელით ოპერაში!

ეს არ იქნება ჩვეულებრივი კონცერტი, ეს მისი გასავლელი დიდი გზის ათვლის წერტილია თქვენი მონაწილეობით!” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g