LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც ძალას მაძლევს, ენერგიას მმატებს და მასულდგმულებს, ეს ხელოვნება და სიმღერაა“ – ტატო გოდერძიშვილი

32
ტატო-გოდერძიშვილი

12 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ ტატო გოდერძიშვილი, ვანო გოდერძიშვილი და მიხეილ აბრამიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში ტატოს ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმრებმა მსმენელს ცოცხალი შესრულებაც შესთავაზეს.

ტატო, პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულხარ, საკმაოდ ბევრს მუშაობდი, გქონდა სოლო კონცერტიც. როგორ ახერხებდი ამ ყველაფერს?

ერთადერთი, რაც ძალას მაძლევს, ენერგიას მმატებს და მასულდგმულებს, ეს ხელოვნება და სიმღერაა. აქედან გამომდინარე, ვცდილობდი, რომ ეს ტალღა არ დამეკარგა და ბოლომდე ეს მიმართულება დამეჭირა. სახლში ჩაკეტილები რომ ვიყავით, ვცდილობდი, ახალ-ახალი რაღაცები შემექმნა და გამეკეთებინა ახალი სიმღერები ან ძველი სიმღერების რემიქსები. პანდემიის პერიოდში 4 სიმღერა შევქმენი.

მახსოვს ასეთი ფრაზა, „ტატო რომ სხვა გზით წასულიყო, ძალიან მაგარი საოპერო მომღერალი შედგებოდა“. რატომ არ გაჰყევი კლასიკას?

ერთი პერიოდი შევეჭიდე ამ მიმართულებას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ სულხან გველესიანს, რომელთანაც წელიწადნახევარი ვიყავი და საკმაოდ კარგად და ღრმად ავითვისე ეს ხელოვნება. მინდა გითხრათ, რომ ამან დამაინტერესა. რა თქმა უნდა, მიყვარს ხალხური სიმღერა, რადგან ამით დავიწყე ბავშვობიდან და შემდეგ გადავედი საესტრადო ხელოვნებაში, მაგრამ როდესაც კლასიკურ ხელოვნებას ვეზიარე, მივხვდი, რომ ეს გამორჩეული და განსაკუთრებული მიმართულებაა, ეს არის ზენიტი.

ვანო, როდის და როგორ დააარსეთ ბრუკლინში არსებული ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“?

ეს სტუდია 2001 წელს შევქმენი. ერთმა ბავშვმა თქმა, მე ამერიკელი ვარ, ჩემი მშობლები კი უკრაინელები არიანო, ამ ფრაზამ შემაძრწუნა, წარმოვიდგინე, ასეთი რამ ჩემს შვილს რომ ეთქვა.  მაშინ დავფიქრდით მე და ჩემი მეუღლე, რა გაგვეკეთებინა. ჩემმა მეუღლემ, შორენამ 4 ბავშვით დაიწყო სტუდია. ახლა კი მივაღწიეთ იმას, რომ 4 ბავშვით დაწყებული სტუდია ქართული კულტურის ცენტრად გადაიქცა. სტუდიამ „ფესვები“ 700-მდე ბავშვი გაზარდა ისე, რომ მათ არ თქვან, მე ამერიკელი ვარ, ჩემი მშობლები კი ქართველები არიანო. ვინც „ფესვებში“ შემოვიდა, ყველაშია ის მარცვალი ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად აყვავდება და კეთილ ნაყოფს გამოიღებს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. მე და ჩემი მეუღლე ისე ვცხოვრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე კარგი გავაკეთოთ.

ტატო, ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს სიმღერა საოცრად ნიჭიერ ხალხს, ზაზა თაბაგარს და ზაზა სანიკიძეს ეკუთვნით. ლექსსაც და მუსიკასაც 2 ავტორი ჰყავს. არანჟირება ირაკლი მენთეშაშვილს ეკუთვნის. ჩაიწერა სტუდიაში „Legato Records“. ბექ ვოკალი ჩემი დისშვილი, მარიტა ხვედელიძე გახლავთ, რაც ძალიან მეამაყება და მაბედნიერებს.

 

ტატო გოდერძიშვილი – გამომიწოდე ხელი, გაგითბო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ტატო გოდერძიშვილი – პოპური – შემოდგომის ყვავილებს, მტრედო. Live

 

ტატო გოდერძიშვილი – დავალ მუდამ მოხიბლული. Live

 

ტატო გოდერძიშვილი. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g