LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

924
ფორტუნა_ჯილდო

თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი“, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მე-18 ცერემონია გაიმართა.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ ქართულ და უცხოურ კომპანიებს ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით გადაეცათ.

„წლევანდელმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. 34 ქართული და უცხოური კომპანია დავაჯილდოვეთ და ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფეროც წარმოადგენს – წელს საპატიო ჯილდო „ადამიანი ისტორია“ კომპოზიტორს მარიკა კვალიაშვილსა და მსახიობს თათული დოლიძეს გადავეცით“, – განაცხადა მაკა კუტუბიძემ, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის და ბიზნეს რეიტინგების კავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

დაჯილდოებულთა შორისაა რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

„მეამაყება, რომ რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე 27 წელია, ღირსეულად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რადიო ინდუსტრიაში და ეს, რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის თითოეული წევრის დაუღალავი შრომის შედეგია. დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს ჩვენი დაფასებისთვის. ეს ჯილდო ჩვენთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა“, – განაცხადა რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელმა თამარ ჩიგოგიძემ.

ღონისძიებას, რომელიც სადღესასწაულო გალა ვახშმის ფორმატში წარიმართა, ლანა ბლიაძე და ნიკოლოზ წულიკიძე უძღვებოდნენ.

შეგახსენებთ, ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია 2017 წელს გახდა, სწორედ ამ დროიდან  ბიზნესკომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“.

საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ დაპატენტებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ.