LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ დღეში შევძლებთ ევროპაში უვიზოდ წასვლას

70

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანას პასპორტის, ბილეთის, მათ შორის სასურველია, უკან დასაბრუნებელი ბილეთის, სასტუმროს ჯავშნისა და კერძო მოწვევის შემთხვევაში, მოწვევის წარდგენის შემდეგ გადავკვეთთ, სხვადასხვა ქვეყნის საკონსულოებში რიგში დგომა და ლოდინი კი აღარ მოგვიწევს.

ევროკავშირის შიგნით, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული კონსესუსის შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება, ფაქტობრივად, მხოლოდ მცირე დროის საკითხია. როგორც რადიო „ფორტუნასთან“ ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ აღნიშნა, “შეჩერების მექანიზი იყო ბოლო საკითხი, რომლის გადაწყვეტაც იყო საჭირო, რომ ევროკავშირისგან მიგვეღო დიდი ხნის წინ შეპირებული თავისუფალი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენგენის ქვეყნებთან. ფაქტობრივად, აღარ არსებობს არანაირი დაბრკოლება და ბარიერი, მივიღოთ დამსახურებული ვიზალიბერალიზაცია“.

ხულორდავას განმარტებითვე, დარჩა მხოლოდ პროცედურული საკითხები.

„ ახლა უკვე ევროპარლამენტის სხდომაზე უნდა გავიდეს როგორც შეჩერების მექანიზმის, ასევე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხები. საქართველოს ყველა დიპლომატიური არხით, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ინტენსიური სამუშაო აქვს გაწეული და ამიტომ დაბრკოლება ევროპარლამენტის მხრიდან არ უნდა შეიქმნას“ – დასძინა დეპუტატმა.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის ამოქმედების კონკრეტულ ვადას:

„ეს ვადა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. პირველ რიგში გააჩნია, როდის უყრის საკითხს კენჭს ევროპარლამენტი – ეს შეიძლება მოხდეს შემდეგ კვირას ან მომავალი წლის დასაწყისში, იანვრის მეორე ნახევარში. თუმცა გვაქვს პოზიტიური სიგნალები, რომ კენჭისყრა მომავალ კვირას მოხდება“ – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ვადა, თავად ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში იქნება მითითებული, ხოლო თუ არ იქნება დათქმული ასეთი ვადა, პროცედურა შემდეგნაირია – 5 დღის ვადაში ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევა.

უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს, შენგენის ქვეყნებში 90 დღიანი ყოფნის ვადა აქვთ, ამასთან, ვიზალიბერალიზაცია არ ითვალისწინებს ამ პერიოდში მუშაობის უფლებას. შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტის წევრები, სავარაუდოდ მომავალ კვირას, პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

 

ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები