„ტკბილი ქვეყანა” უკვე 20 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის სახელს ინარჩუნებს. მისი წარმატება განაპირობა არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა, არამედ უახლესმა ტექნოლოგიებმა. სწორედ ამ ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში მოწმდება „ტკბილი ქვეყნის” 180 პროდუქტი. ამ პროდუქტებს შორის მომხმარებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა საფირმო პასკა, რომელიც დღეს უკვე 13 სხვადასხვა დასახელებითაა წარმოდგენილი.
იქიდან გამომდინარე, რომ პასკის ერთ-ერთი ინგრედიენტი რძეა, ქვეყანაში კი რძის წარმოების სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მღელვარება მაღალია, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რამდენად უვნებელია ის რძე, რომელსაც „ტკბილი ქვეყანა” პასკის გამოსაცხობად იყენებს.
ეკა გიგაური, კომპანიის „ტკბილი ქვეყანა“ ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი:
– ჩვენ კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც არსებობს რძესთან და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ტექნოლოგიურად გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ არა ნედლი, არამედ მშრალი რძე – ეს არის პროდუქტი, რომელიც რძის ნაწილობრივი გაუწყლოვნებით მიიღება.
რძის ფხვნილი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ძირითადად, გერმანულია. ის ჩამოდის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტებით, კვლევებგავლილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მას ჩვენს ლაბორატორიაშიც ვამოწმებთ მიკრობიოლოგიურად, ქიმიურად, ორგანულ-ეთიკურად, ვიზუალურად, ვსაზღვრავთ მის სუნს, ფერს, გემოს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს ლაბორატორიაში ანალოგიურად მოწმდება ხორბლის ფქვილიც, კაკაოც, კვერცხიც, შაქარიც. მოწმდება ის წყალიც კი, რომელიც წარმოებაში გამოიყენება ჩამოსარეცხად, ჭურჭლის სარეცხად. ჩვენ შესაფუთი მასალების ტესტირებასაც ვაკეთებთ, მეტიც, ჩვენი მიკრობიოლოგი ამ შესაფუთი მასალების ჩამონარეცხებსაც კი ამოწმებს.
რაც შეეხება რძის ფხვნილის გამოყენებას, საკონდიტრო წარმოებაში ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რძის ფხვნილი არომატსა და გემოს სძენს პროდუქტს, ცომს აძლევს ელასტიკურობას და მოცულობას. ამასთან, მარტივია მისი ტრანსპორტირება, არის ნაკლებად მალფუჭებადი, რადგან კარგადაა შეფუთული. აგრეთვე, იქიდან გამომდინარე, რომ გამომშრალი პროდუქტია, მისი მიკრობიოლოგიური უსაფრთხოებაც მაღალია, ნაკლებად ბინძურდება ბაქტერიებით.
ის პანიკა, რომელიც ახლაა ატეხილი, რა თქმა უნდა, არ არის უსაფუძვლო. ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც სასურსათო პროდუქციას ქმნის, ყველა ინგრედიენტის შემოწმების სრული სისტემა უნდა ჰქონდეს აგებული. მართლა არ გიხატავთ იდეალურ სურათს, მაგრამ თუ კომპანიას პროდუქციის მაღალ ხარისხსა და ბაზრის ლიდერობაზე სურს ჰქონდეს პრეტენზია, უნდა ამოწმებდეს ნედლეულსაც, შუალედურ პროდუქტსაც და მზა პროდუქტსაც. მხოლოდ ამის შემდეგ გეყოლება კმაყოფილი მომხმარებელი და გექნება ფინანსური მოგება. მოვუწოდებ ყველა მეწარმეს, ჰქონდეს საკუთარი ლაბორატორია. ეს არ არის იაფი სიამოვნება, მაგრამ სწორედ ის განიჭებს ხარისხის სრულ გარანტიას.