საქართველოში რამდენიმე კლინიკაზე კიბერშეტევა განხორციელდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კლინიკების ბაზები პარალიზებული იყო.
ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმაციას კლინიკებში – „ახალ მზერასა“ და „დავინჩიში“, ადასტურებენ.
როგორც განმარტავენ, სამართალდამცავი უწყებისთვის არ მიუმართავთ, რადგან ხშირ შემთხვევაში იმის დადგენაც კი ჭირს, თუ საიდან მოხდა თავდასხმა.
მათი ინფორმაციით, ჰაკერები შიფრის სანაცვლოდ კრიპტო-ვალუტის, ბიტკოინების ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვას ითხოვდნენ. კლინიკების IT დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ბაზების ე.წ. ბექაფის ყოველდღიურად გაკეთება და ინფორმაციის სხვა სერვერზე შენახვაა.
“ძირითად შემთხვევაში, ჰაკერები ითხოვენ შიფრის სანაცვლოდ კრიპტო-ვალუტის, ბიტკოინების ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვას. მათი მიზანი ეს არის. მაგრამ ჩვენ რადგან ბაზებს არ ვკარგავთ, შესაბამისად, ამ მოთხოვნილ თანხასაც არ ვიხდით,” – აცხადებენ კლინიკების IT დეპარტამენტში.