ახალი წლის ღამე ახლოვდება და ყველა თავისებურად ზრუნავს ამ ღამის გახალისებაზე.
ზოგს ამ ღამის გატარება სახლში, ოჯახის წევრებთან ურჩევნია, ზოგიც კი მისი გემოვნებისა და „ჯიბის“ შესაბამის რესტორანს ჯავშნის.
„ფორტუნამ“ გადაწყვიტა გაგაცნოთ, დაახლოებით რა თანხა დაგიჯდებათ საღამოს გატარება თბილისის საკმაოდ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ რესტორნებში და ასევე, როგორ შოუს შემოგთავაზებენ ეს კონკრეტული რესტორნები საახალწლოდ.
რესტორან მუზიკ ჰოლსა და ბაბილოში, საახალწლო შოუ–პროგრამა სპეციალურად ბაკურ ბაკურაძემ დადგა.
ბაბილო მიუზიკ ჰოლი
როგორც რესტორნის პიარ–მენეჯერმა ნინო გოგოლაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, მიუზიკ ჰოლი სტუმრებს ფრანგული ლიდოს შოუს მსგავს კოსტუმირებულ საღამოს შესთავაზებს.
„ეს იქნება ბროდვეის მუზიკ შოუს მსგავსი საღამო. ყველა სიმღერა ცეკვით იქნება გაფორმებული. ჩვენ სტუმრებს შესანიშნავ, ფრანგულ–ქართულ საახალწლო ღამეს შევთავაზებთ“, – განაცხადა ნინო გოგოლაძემ.
I ნაწილში იქნება ფრანგული შოუ–პროგრამა, მეორე ნაწილში რესტორანს რომა რცხილაძის ბენდი „ +995„ გააფორმებს. III სეტში კი სტუმრები Dance Block–ს იხილავენ.
საღამოზე ასევე, იმღერებენ ქართველი მომღერლები: ცირა კობიაშვილი, გიორგი წიკლაური, გიორგი ღვინიაშვილი, გიორგი ნადიბაიძე, თამუნა მიქელაძე და ნინო ძოწენიძე.
სტუმრების მიღებას 31 დეკემბრისთვის მიუზიკ ჰოლი 11 საათიდან იწყებს. შოუ–პროგრამა კი 1 საათზე დაიწყება.
„ქართველებს ძირითადად ასეთი ტრადიცია აქვს, რომ ახალ წელს სახლში ხვდებიან, სწორედ ამის გათვალისწინებით, შოუ–პროგრამა 1 საათზე დაიწყება, თუმცა სტუმრებს მანამდეც მივიღებთ და მათთვის ცივი კერძებით იქნება მაგიდა გაწყობილი. ასევე, საღამოზე საზეიმოდ გაიჭრება დიდი ტორტი ყველა სტუმრისთვის“, – განაცხადა ნინო გოგოლაძემ ფორტუნასთან.
მიუზიკ ჰოლში, ამ საღამოზე დასწრებას და ახალი წლის გატარებას 350 ლარად შეძლებთ. ფასი მოიცავს საახალწლო ტრადიციულ სუფრას (განუსაზღვრელი ოდენობის სასმელით). რესტორანი სტუმრებს დილამდე მოემსახურება.
მაგიდის ნომინალური რაოდენობა 5 პერსონაა.
რივერსაიდ ბაბილო
“რივერ საიდ ბაბილო” სტუმრების მიღებას 11 საათზე დაიწყებს. შოუ პროგრამას კი 12–ზე.
როგორც მისმა პიარ–მენეჯერმა ნინო გოგოლაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, აქ ძირითადად უცხოელ სტუმრებს ელოდებიან, სწორედ ამიტომ იწყება პროგრამა 12 საათზე.
„მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრები ყოველწლიურად ჩვენთან მოდიან. სწორედ ამიტომ, საღამოს აქ შედარებით ადრე ვიწყებთ. ძირითადად ქართულ სიმღერებს შეასრულებენ ჩვენი მომღერლები. თუმცა ჩვენთან იმდენ ენაზე შესრულდება სიმღერები, რამდენი ქვეყნიდანაც გვეყოლება სტუმრები“, – განაცხადა ნინო გოგოლაძემ.
მუსიკალური გაფორმების გარდა, საღამო საკმაოდ ინტერაქტიული იქნება. რესტორანი სტუმრებს სახალისო გათამაშებებს შესთავაზებს.
საღამოს ასევე, ბაბილოს ქორეოგრაფიული ანსამბლი და მოცეკვავე წყვილი ვერიკო და გიორგი გააფორმებენ.
ახალი წლის ბილეთი რივერსაიდ ბაბილოში 120 ლარი ღირს. მენიუს კი რესტორნის სტუმარი სურვილის და შესაძლებლობისაბემრ შეარჩევს.
Chops By The River – Restaurant & Grill
ჯადოსნური ახალი წლის საღამოს სთავაზობს სტუმრებს რესტორანი ჩოფსი წყნეთში.
ვისაც თოვლი, ბუხარი, ნაძვის ხე და გრანდიოზული ფეიერვერკი გხიბლავთ, თანაც სუფთა ჰაერზე, ეს რესტორანი სწორედ თქვენთვისაა.
საღამოს მომღერლები: მარიამ ჩაჩხიანი,ნინი ნემსაძე და ბაბი კირკიტაძე გაგიხალისებენ.
ამ რესტორნისთვის დამახასიათებელი ევროპული კერძები შეუზღუდავად იქნება.
„საახალწლო სუფრა გვექნება – ცივი და ცხელი კერძებით, თუმცა არა ტრადიციული. ჩვენთან ძირითადად ევროპული კერძებია გრილზე შემწვარი ხორცი, თევზი და ა.შ. ასევე, ფასში შედის შამპანიური“, – განაცხადა ჩვენთან ჩოფსის მარკეტინგის მენეჯერმა.
რესტორანი სტუმრებს 22:30 საათიდან მიიღებს.
აქ ახალი წლის საღამოს გატარებას 175 ლარად შეძლებთ.
ოქროს კათხა
რესტორან ოქროს კათხაში ახალი წლის ღამის პროგრამა 11 საათზე დაიწყება.
საღამოს მუსიკალურად ჯგუფი ძმები, მარიამ კოტრიკაძე, სოფო ბედია, და ჯგუფი ბლექ სი გააფორმებენ.
რესტორანში იქნება ქართული ნაციონალური ცეკვები, რომელსაც ანსამბლ რუსთავის მოცეკვავეები შეასრულებენ, ასევე შესრულდება ცეკვა ბოშურიც.
აქ ახალი წლის გატარებას 150 ლარად შეძლებთ. ფასში შედის საახალწლო მენიუც ტრადიციული კერძებით.
აქვე გეტყვით, რომ ბევრ რესტორანში უკვე ყველა ადგილი დაჯავშნილია. მაგალითად წისქვილში და მუხამბაზში. ასე, რომ თუ ახალი წლის გატარება მხოლოდ სახლში არ გინდათ, დროა ადგილების დაჯავშნაზე უკვე იზრუნოთ.
თამთა უთურგაშვილი