LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გეგმავს შსს-ში ვახტანგ გომელაური – მესიჯები, რომელიც პარლამენტში გააჟღერა

380
11794321-1616697501942630-4069637970776010767-o

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი პროგრამა წარადგინა.

ვახტანგ გომელაური მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ასევე, ექსპრესმომსახურების მობილური სერვისცენტრების ამოქმედებას ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

გარდა ამისა, გომელაურის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, მობილური აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები.

კიდევ ერთი გეგმა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს აქვს, ესაა თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის ტენდენციის მომავალშიც შენარჩუნება. 

როგორც გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადამიანური რესურსების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

„სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია, ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზნით, სამინისტროში არაერთი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სისტემაში ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. ანაზღაურება გაეზარდა 22 000 თანამშრომელს, მათ შორის, ოპერატიული მიმართულებით მომუშავე პირებს, დაცვის პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს. ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ვგეგმავთ, გავაუმჯობესოთ სამსახურში მიღების წესი. პოლიციის აკადემიის ბაზაზე პერმანენტულად განხორციელდება სამინისტროს თანამშრომლების მომზადება-გადამზადება. განვითარდება საგანმანათლებლო პროგრამები საპოლიციო საქმიანობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების ადეკვატურად. კარიერული წინსვლა დაეფუძნება ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას. პოლიციელთათვის გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები და ეტაპობრივად გაიზრდება მათი ანაზღაურება. ამასთანავე, განვითარდება სტაჟირების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამინისტროში მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვას”, – განაცხადა გომელაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g