ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ, 7 ოქტომბერს ისრაელზე მასირებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია.
„დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი“ – ისრაელში საქართველოს ელჩი
ღაზას სექტორიდან უწყვეტად ხორციელდება საჰაერო თავდასხმები ისრაელის სხვადასხვა ქალაქზე, მათ შორის არის აშდოდი, სადაც საქართველოს მოქალაქე ირაკლი მეტრეველი უკვე 6 წელია ცხოვრობს.
რა ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში და უსაფრთხოების რა ზომებია ამოქმედებული – „ფორტუნა“ აშდოდში მყოფ ირაკლი მეტრეველს დაუკავშირდა.
„ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღვადგინეთ, თუმცა, შესაძლოა, ამ მხარეში ტერორისტები ისევ იყვნენ“ – ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი
დანიელ ჰაგარის თქმით, შაბათ დილიდან ისრაელის მიმართულებით 4 400 რაკეტა გაუშვეს.
ჩვენთან საუბარში ირაკლი მეტრეველმა თქვა, რომ ცოტა ხნის წინ, აშდოდზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა:
„ახლაც, 3-4 წუთის წინ ჩვენს ქალაქზე „ჰამასის“ მხრიდან ძალიან მასიური თავდასხმა განახორციელეს. თავშესაფარში გავედით, განგაშის სიგნალის დასრულების შემდეგ კი დავბრუნდით. სახლიდან ვუყურებ, რამდენიმე რაკეტა სახლებს დაეცა – ცეცხლი უკიდია და შავი კვამლი ამოდის.
რა თქმა უნდა, რაკეტების მაქსიმალური რაოდენობა „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო, მაგრამ ასეთი მასობრივი თავდასხმის დროს, შეიძლება რამდენიმე მაინც ჩამოვარდეს. ყველა მხრიდან სახანძროები, სასწრაფოს მანქანები მიდიან, სავარაუდოდ, ხალხიც იქნება დაშავებული [ალბათ, ვიბრაცია გესმით ხომ? ახლაც მომდის ხმოვანი სიგნალები.. რომელიღაც ქალაქში ისვრიან]..
ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა
დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მასიური დარტყმა განახორციელეს თელ-ავივზე, იერუსალიმის გარშემო, ახლა აქეთ გადმოიტანეს. ბევრი რაკეტა იყო ჩვენკენ გამოშვებული. როცა რამდენიმე განგაშის სიგნალი თანმიმდევრობით ირთვება, ე.ი ამ ქალაქში ათობით რაკეტა მოფრინავს“, – გვიყვება ირაკლი მეტრეველი და აღნიშნავს, რომ განგაშის სიგნალის დროს ყველა რეგულაციას მიჰყვება, თავშესაფარში ჩადიან, გარკვეული დროის შემდეგ კი სახლში ბრუნდებიან.
„ფორტუნასთან“ საუბარში ირაკლი მეტრეველი აღნიშნავს, რომ ისრაელში მყოფ საქართველოს ბევრ მოქალაქესთან აქვს კომუნიკაცია და მისი ინფორმაციით, მათ შორის დაშავებულები არ არიან:
„საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ყველა ცდილობს, რეგულაციებს მიჰყვეს – ეს ერთადერთი გზაა, სხვა აღარაფერი.. განგაში რომ ირთვება, უნდა მიჰყვე რეკომენდაციებს.
ძირითადად, ახალი ჩამოსულები, ცოტა პანიკას არიან აყოლილები. მეც მაქვს მათთან ურთიერთობა, ვუხსნი, როგორ მოიქცნენ, ვამშვიდებ, თუ დახმარება სჭირდებათ – დახმარებას ვუწევ.
დაბრუნებაზე ბევრი ფიქრობს, უბრალოდ, ბერკეტებია, თუნდაც ფრენებთან დაკავშირებით. ადგილობრივ მედიაშიც საუბრობენ, რომ რეისები, ასე თუ ისე შედგება და ხალხი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას შეძლებს.
ვინც აქ წლებია ცხოვრობს, მიჩვეულია და არ მგონია, დაბრუნებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ თუ სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მაშინ ბევრი იფიქრებს დროებით წასვლაზე მაინც“, – ამბობს მეტრეველი.
„ვიდეო გამოგვიგზავნეს, ჩემი შვილი დავინახე, მანქანაში უგონო მდგომარეობაში იყო პალესტინელებთან, გთხოვთ, დამეხმარეთ..“ – გერმანელი დედა დაკარგული შვილის შესახებ ინფორმაციას ითხოვს
ისრაელში, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაკარგულებს, ამ დრომდე ეძებენ.
ირაკლი მეტრეველი ქვეყნის მასშტაბით მიღებულ უსაფრთხოების ზომებზეც გვიყვება და ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ქალაქში გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვა არ მოქმედებს, თუმცა არის რეკომენდაცია: თუ აუცილებლობა არ არის, მოქალაქეები გარეთ არ გავიდნენ.
„არის ტერორისტების შემოპარვის, ჩასაფრების და თავდასხმის პრეცედენტები, მით უმეტეს, საჰაერო იერიშებია და ესეც საშიშია.
გარდა იმისა, რომ ისინი რაკეტებს თავისი ტერიტორიიდან გვესვრიან, ხშირად ხდება ტერაქტები ქვეყნის შიგნით. ეს გარდაუვალი პროცესია, ისრაელის ტერიტორიაზე ბევრი პალესტინელი ცხოვრობს, ხდება მათი გადაბირება და ძალიან ხშირად ტერაქტებს ისინი აწყობენ.
უსაფრთხოება მაღალ დონეზე მუშაობს, მაგრამ ახლა, როცა ჩვენს ტერიტორიაზე შემოიპარნენ და სასტიკი მოქმედებები ჩაიდინეს, ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებულია.
ქუჩაში მობილიზებულია პოლიცია, ჯარი, ამოწმებენ საბუთებს, თუ ტერორისტი ან საფრთხის შემცველი არგუმენტი გამოვლინდება, ადგილზე აქვთ სწრაფი რეაგირების, მათ შორის ლიკვიდაციის უფლება.
ეს ის ქვეყანაა, სადაც საკუთარი მოსახლეობა და აქ მყოფი ადამიანები უყვართ, პირველ რიგში, ცდილობენ, ადამიანებს მაქსიმალური უსაფრთხოების ნორმები შეუქმნან, დანარჩენი მეორე ადგილზეა“, – გვიყვება ირაკლი მეტრეველი.
„სოლიდარობა ისრაელს!“ – თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
ცნობისათვის, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა, 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყეს – ქალაქებს რაკეტები დაუშინეს, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ, დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო.
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 506-ზე მეტი ადამიანი.
პალესტინური მხარის მონაცემებით კი, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 500-ზე და დაჭრილია 2 750-ზე მეტი ადამიანი.
„შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა“ – ისრაელის თავდაცვის ძალები