ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.
ელჩის თქმით, ამ დროისთვის არსებული ცნობით, ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი.
„ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესულები. ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ არის მომხდარა.
საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია ასეთი და ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს მოქალაქე რომელიმე დაშავებული ან გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა.
დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა.
ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირის დროს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
„სოლიდარობა ისრაელს!“ – თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
ისრაელში საქართველოს ელჩი ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. ლაშა ჟვანიას თქმით, საელჩოში ამოქმედდა ცხელი ხაზიც.
ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა, 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ, დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო.
„შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა“ – ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი.
პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.