LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნანობს დათო ევგენიძე: „სულ ვფიქრობ, რაც დამემართა, ჩემი ბრალია, აქამდე თავად მივიყვანე ჩემი ჯანმრთელობა…“

467
დათო ევგენიძე

დათო ევგენიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ გაუმართა ხელი უცხო ადამიანს, რომელსაც ღვიძლის პრობლემა ჰქონდა და წლების შემდეგ თავადაც იგივე პრობლემა დაუდგა… დათო ევგენიძეს მისი მეგობარი, გიორგი მახარაშვილი დაუდგა გვერდით…

არაერთი ადამიანისთვის გაგიწვდიათ დახმარების ხელი. უცხო ადამიანს კი, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა და ამის თანხა არ ჰქონდა, ექვსი წლის სიცოცხლე აჩუქეთ და თუ არ ვცდები, მის გამო აღებულ ბანკის სესხს დღემდე იხდით, რომელზეც საუბარს ერიდებით. გავიდა წლები და იგივე ოპერაცია თავად დაგჭირდათ. ღმერთმა გადაგარჩინათ და ალბათ, ცხოვრების ბოლომდე იმ ადამიანის მადლიერი დარჩებით, რომელმაც საკუთარი ღვიძლი გადაგინერგათ და ეს დონორი, ყველასთვის საყვარელი მახარა, იგივე გიორგი მახარაშვილია.

ეს ძალიან მტკივნეული ამბავია, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ის ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა. დასაფლავებაზე ვიყავი მისული, ძმამ გამომიტანა მისი ტელეფონი და მანახვა – იმ კაცს ტელეფონის ეკრანზე ჩემი ფოტო ჰქონდა დაყენებული. მისი გაცნობაც სასწაული იყო: დედაჩემის დასაფლავების დღეს ტაქსი გავაჩერე, მძღოლს სახეზე რომ შევხედე, ლაქები შევნიშნე და ვკითხე, რა გჭირს-მეთქი. მიპასუხა: ციროზის ბოლო სტადია მაქვს, ორი თვეღა დამრჩა სიცოცხლე. ღვიძლის გადანერგვაა ბოლო შანსი, მაგრამ ისე ძვირი ჯდება, მაგდენ თანხას ვერ ვიშოვიო. იმ წუთას ვიფიქრე, დედაჩემის გარდაცვალების დღეს ხდება ეს ყველაფერი, ალბათ, მან გამომიგზავნა ეს კაცი, რომ დავეხმარო-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ტელეფონის ნომერი გამოვართვი ამ უცხო კაცს, ბანკიდან სესხი ავიღე, დონორიც გამოჩნდა და ოპერაცია ჩატარდა. მართალია, ექვსი წლის მერე გარდაიცვალა, მაგრამ ის წლები მისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა. მოკლედ, წლების წინ, ამ ადამიანს ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა, დავუფინანსე, შემდეგ მე დამჭირდა და გიორგი მახარაშვილმა, ახლა უკვე ჩემმა ნამდვილმა ღვიძლმა ძმამ, მახარამ, სასწაული ჩაიდინა და გადამარჩინა. ოპერაცია თურქეთში ჩატარდა, 17 საათი მიმდინარეობდა. ექიმი ჰყვებოდა, რომ გაგჭერით, ბევრად რთული სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ფაქტია, ღმერთი იყო შენთან და გადარჩიო. ამის მერე, საკმაოდ რთული რეაბილიტაციის პერიოდი დადგა და მადლობა ღმერთს, მეც და მახარაც კარგად ვართ. წარმოიდგინეთ, ახალი სიცოცხლე მაჩუქა ამ ადამიანმა, მისი სხეულის ნაწილი მომცა, რომელსაც ვატარებ. სულ ვფიქრობ, რაც დამემართა, ჩემი ბრალია, აქამდე თავად მივიყვანე ჩემი ჯანმრთელობა. ჩემი ცხოვრების წესის გამო მოხდა ეს ყველაფერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g