სასურსათო მაღაზიის მაცივართან დგომისას კრევეტების შეფუთვაზე, ალბათ, შეგინიშნავთ, რიცხვები 20/30, 40/60 და 90/120. ლოგიკურია, რაოდენობაზე ვიფიქროთ, თუმცა ეს წარწერები ბევრად უფრო სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, მათზეა დამოკიდებული კრევეტის გემო, წვნიანობა და მომზადების წესიც კი.
როგორც ირკვევა, ეს რიცხვები აღნიშნავს კრევეტების რაოდენობას 1 ფუნტზე (454 გრამი):
- 20/30 – 20-დან 30-მდე კრევეტი
- 40/60 – 40-დან 60-მდე კრევეტი
- 90/120 – 90-დან 120-მდე კრევეტი
ეს არ არის „თვალის ზომით“ სტანდარტი, არამედ არის საკმაოდ ზუსტი სისტემა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ბაზარზე და ზოგიერთ მიმწოდებელს რაოდენობა, შესაძლოა, კილოგრამზეც ჰქონდეს დაანგარიშებული, ამიტომ დააკვირდით, რა არის მითითებული შეფუთვაზე, lb (ფუნტი) თუ kg.
ნებისმიერ შემთხვევაში, წესი ერთია: რაც უფრო დაბალია რიცხვი, მით უფრო მსხვილია კრევეტი და პირიქით, მაღალი რიცხვი მცირე ზომის კრევეტს აღნიშნავს.
კერძისთვის კრევეტის ზომა ზუსტად რომ შეარჩიოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
- 20/30 ან 16/20 – შეფუთვაში მსხვილი და წვნიანი კრევეტებია, რომლებიც გამოდგება გრილზე, ტაფაზე შესაწვავად, იტალიური პასტის მოსამზადებლად.
- 40/60 – უნივერსალური ვარიანტია. კარგია სალათების, რიზოტოს მოსამზადებლად.
- 90/120 – იდეალურია სუპებისთვის, პიცებისთვის, გულსართებისთვის, ანუ სადაც მნიშვნელოვანია გემო და არა ფორმა.
კრევეტების შეძენის დროს ყურადღება ასევე მიაქციეთ სამ რამეს:
- ყინულის ფენას – თუ ის მეტისმეტად სქელია, ე.ი. ფულს ყინულში იხდით;
- გასუფთავებულია თუ არა კრევეტი – ქერქიანი კრევეტის გემო ბევრად გაჯერებულია, ამასთან, ქერქი კრევეტს გამოშრობისგან იცავს;
- ნედლია, თუ მოხარშული – ნედლი კრევეტი მზადების დროს უკეთესად კონტროლდება.
და კიდევ ერთი, კრევეტების ორი შეკვრა ერთნაირი წონით, მაგრამ შეფუთვაზე სხვადასხვა რიცხვით, თეფშზე სხვადასხვა რაოდენობის ხორცს იძლევა.
