LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რასაც ბათუმში ჩასულები ნაკლებად აკეთებენ

712
FORTUNA.GE (9)

ბათუმი ყველაზე პოპულარული შიდა ტურისტული დანიშნულებაა ზაფხულის სეზონზე. წელს, მოგეხსენებათ, ქართველი მოგზაური ევროპაში ვერ წავიდა და საქართველოს კურორტებზე მოუხდა გადანაწილება. ხალხის ნაკლებობა არსად არ არის, თუმცა ბათუმი მაინც გამორჩეულია ტურისტების სიმრავლით.

ზღვა, ბულვარი, ბუნგალოები, ზღვაზე გასეირნება, გარუჯვა, კაფე-ბარებში სიარული, „პრივეტში“ შოკმანჟეს მირთმევა, პიაცაზე დაჩექინება… ძირითადად ამით არიან დაკავებული ტურისტები და პირველ რიგში ახალგაზრდები. პრინციპში დასვენებაც ეგ არის, მაგრამ არც შემეცნებითი ტურის მოწყობა ავნებს, მით უმეტეს ბათუმში სანახავიც არის და არც ძალიან დიდ დროს წაართმევს კაცს.

ბათუმის სიახლოვეს ბუნებრივი სილამაზეების შესახებ მერე ვისაუბრებთ, ახლა კი უშუალოდ ბათუმში არსებულ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა იცის კიდეც.

რას ნახულობენ ბათუმში?
პარკი და მოცეკვავე შადრევნები; კოლონადები; ქორწინების სახლი; ზაფხულის თეატრი; დელფინარიუმი; პიაცა; პორტი; ალი და ნინო; ალფავიტის კოშკი; ასტრონომიული საათი; ევროპის მოედანი და მედეა; ჯადოსნური პარკი; იუსტიციის სახლი; თეატრი და ნეპტუნი და ა.შ.

გამოგვრჩა ალბათ რაღაცეები, მაგრამ არაფერი გვითქვამს მუზეუმებზე. არადა ბათუმშია – არქეოლოგიური მუზეუმი (მუზეუმს აქვს მდიდარი ოქროს ფონდი), ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების დარბაზი, რელიგიის მუზეუმი და ორიც, რომლებზე დღეს შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ესენია: ხელოვნების მუზეუმი და აჭარის მუზეუმი.
კიდევ ერთი – ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფული მუზეუმი – ცალკე აღნიშვნის ღირსია და მასზეც ცალკე მოგიყვებით.

 

აჭარის ხელოვნების მუზეუმი

მისამართი: ზ. გორგილაძის ქ. №8

პირდაპირ უნდა ითქვას, მშვენიერი რამაა. სულ ორ სართულზეა და ასობით ექსპონანტი არ არის, მაგრამ ნახვად ღირს ისეთი ბუმბერაზების შედევრებია.
ძირითადად მე-20 საუკუნეა წარმოდგენილი.

თავად მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, სადაც ადრე რევოლუციის მუზეუმი ყოფილა, 90-იან წლებამდე.
ხელოვნების მუზეუმი კი დაარსდა 1995 წელს და დაიწყო სამუზეუმო კოლექციების შევსება. მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 19 დეკემბერს.

ამჟამად მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის მთელი პლეადა – ნიკო ფიროსმანი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, მერაბ ბერძენიშვილი, ედმუნდ კალანდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ნიკოლოზ იგნატოვი, გია ბუღაძე, რუსუდან ფეტვიაშვილი და სხვები.

მეორე სართულზე კიბეზე რომ ადიხარ პირდაპირ გხვდება მშვენიერი ქანდაკება. კითხულობ:
ემილიო სანტარელი (1801-1886. იტალია)
ნიმფა და პატარა ფავნუსი. 1852
მარმარილო

რა სახელები, რა ხალხი და ამათი ორიგინალები…

ხელოვნების მუზეუმში ეწყობა ხოლმე პერსონალური, ჯგუფური, რეტროსპექტული გამოფენები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები, ხორციელდება კულტურულ-შემეცნებითი პროექტები. გარდა ამისა, მუზეუმშია ბავშვთა ხელოვნების სტუდია, სადაც 10 წლამდე ბავშვები ეუფლებიან ხატვას, ესთეტიკას, ხელოვნების ისტორიას.

 

 

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

მისამართი: ხარიტონ ახვლედიანის ქ. №4

 

ბათუმში პირველი მუზეუმი 1890 წელს დაარსდა, იგი სასკოლო იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმში უკვე ყველა სასწავლებელს გააჩნდა საკუთარი მუზეუმი. წარმოგიდგენიათ?! 1908 წელს კი ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა ყველა ამ სასკოლო მუზეუმის გაერთიანება ერთ დიდ საქალაქო მუზეუმად. სწორედ ეს წელი მიიჩნევა აჭარის მუზეუმის დაარსების თარიღად, რის შემდეგაც მუდმივად ივსებოდა მუზეუმის კოლექცია და ის დღეს უამრავ მიმართულებას მოიცავს.
1924 წლამდე მუზეუმი შერეული ტიპის იყო, ხოლო 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად.

აქ დაცულია 180 ათასამდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, ფონდშია 2 ათასზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 ათასი წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ რეგიონის ზღვისა და ხმელეთის ბინადართა ფიტულები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სამუშაო იარაღები ქვის ხანიდან მოყოლებული, უძველესი ქართული ორნამენტები ქვასა და ხეზე, შუა საუკუნეების ქართული სამხედრო აღჭურვილობა, საბრძოლო იარაღი, უძველესი იარაღის დასამზადებელი დანადგარები, წარსულის ტანისამოსის ნიმუშები, ძველებური საფეიქრო დაზგები, სხვადასხვა პერიოდის ანტიკვარული ნივთები…

ბუნების განყოფილებაში წარმოდგენილია აჭარის გეოლოგიური წარსული, ფლორა და ფაუნა;
ისტორიის განყოფილება აჩვენებს მხარის ისტორიულ წარსულს, ეთნოგრაფიულ განსხვავებულობას.

საგამოფენო დარბაზშია ხელოვნების ნიმუშები, მხატვრული ტილოები (მათ შორის ივანე აივაზოვსკი, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი), სკულპტურები, სამკაულები და ანტიკვარული ნივთები.

მუზეუმში დაცულია ძვ.წ. XII-IX სს-ის, აგრეთვე VII-IV სს-ის უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი (მსოფლიოში მხოლოდ ოთხია), გრავირებული ცულები, ბრინჯაოს ვერძი, გონიოს განძი, I-II სს.-ს ოქროს ჭედური ფიალა, ბადროს მტყორცნელის ოქროს ფიგურა, ოქროს სარტყლის ფრაგმენტები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, გულსაკიდები, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), სკივრის მორთულობის ფრაგმენტი მუხის ფოთლებისა და ნაყოფის გამოსახულებით; აგრეთვე ბუნების იშვიათი ძეგლები, ეთნოგრაფიული და ხალხური ნიმუშები…

მუზეუმის ეზოშია ვეშაპის ჩონჩხი, აჭარაში პირველი ტრაქტორი, მატერიალური კულტურის ძეგლები…

მოკლედ, ყველაფერს ვერ ჩამოთვლი…

1938-დან და 1989 წლამდე მუზეუმის დირექტორი იყო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ხარიტონ ახვლედიანი. სწორედ მის სახელს უკავშირდება მუზეუმის განვითარება.

მუზეუმში 2015 წელს ჩატარდა სრული რეაბილიტაცია.

 

 

 

რა, ცუდია ამ ყველაფრის ნახვა ერთ სივრცეში?
გამოყავით ერთი საათი ბათუმში ყოფნისას, თუნდაც როცა იწვიმებს და ბევრ საინტერესოს ნახავთ და გაიგებთ საკუთარ სამშობლოზე. ბათუმში კი ხომ იცით როგორ ხშირად წვიმს…

ფოტოამბავი: ბათუმი დეტალებში – ნახე ქართული დუბაი-ევროპა ფოტოკადრში

 ფოტოამბავი: რა ხდება დენდროლოგიურ პარკში და როგორია სინამდვილეში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g