LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვეხმარება თავდაჯერებულობა – FM ქოუჩი

65
sofojiadze

გადაცემის ლაივი LIVE

რაში გვეხმარება თავდაჯერებულობა, რა არის ჯანსაღი თვითშეფასება, როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის ადეკვატურად შეფასება – ამ და სხვა თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ტრენერმა სოფო ჯიაძემ ისაუბრა.

როგორ შევაფასოთ ჯანსაღად საკუთარ თავ?

ბავშვობაში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ საკუთარ თავზე თვითონ არ უნდა მესაუბრა, თუ კარგი ვიყავი – ამას სხვები შეაფასებდნენ. თითქოს კარგი მხოლოდ მაშინ ხარ, თუ ამას სხვა დაინახავს და აღიარებს. შედეგად სხვების შეფასება, შექება, აღიარება – აუცილებელი ხდება შენი თვითშეფასებისთვის. უკვე სტუდენტი ვიყავი, როდესაც პირველ გასაუბრებაზე მკითხეს – რატომ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი ჩემზე და რით ვიყავი სხვა კანდიდატებზე უკეთესი? მახსოვს, გავჩუმდი. რადგან, საკუთარ ძლიერ მხარეებსა და უპირატესობებზე, მე ხომ არ უნდა მესაუბრა. გასაუბრებაზე კი მარტო ,,მე“ ვიყავი და ის ,,სხვა“ – არსად ჩანდა. სწორედ აქ მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორ ჩანხარ სხვების თვალში, არამედ ის – თვითონ როგორ ხედავ საკუთარ თავს.

სახლში, ქუჩაში, ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, ალბათ ყველას გაგვიგია შეფასება – ამისგან არაფერი გამოვა! ადამიანები ძალიან მარტივად მიაკრავენ ერთმანეთს იარლიყს და შემდეგ, იმ ადამიანებს სწორედ ამ სტატუსით უხდებათ ცხოვრება. რაც უფრო ხშირად გვეტყვიან, რომ ეს ჩვენ არ გამოგვივა, ჩვენ ვერ შევძლებთ, არ ვიცით, არ ვიმსახურებთ, არ ვართ საკმარისად სხარტები, საკმარისად ძლიერები და ჩვენც, რაც უფრო მეტად დავიჯერებთ ამ შეფასებებს, მით უფრო გაგვიძნელდება საკუთარი თავის პატივისცემა და წარმატების მიღწევა.

ეს განსაკუთრებით პრობლემურია მოზარდებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ პიროვნული ჩამოყალიბების ეტაპზე არიან. ჩვენი თვითშეფასების ხარისხი სწორედ ჩვენი ბავშვობიდან და იმ გარემოდან მოდის, სადაც გავიზარდეთ. რომ ჰკითხოთ საკუთარ თავს, როდის იყავით ბოლოს ყველაზე თავდაჯერებული? შეიძლება ბევრს ბავშვობა გაგახსენდეთ. რადგან, ბავშვობაში შეუძლებელი არაფერია, არც კოსმონავტობა, არც პრეზიდენტობა, არც ჩემპიონობა. თუმცა, საბოლოოდ მაინც ის ვხდებით – როგორც დავინახეთ და დაგვანახეს საკუთარი თავი.

როგორ აისახება ჩვენს თვითშეფასებაზე ნეგატიური უკუკავშირი?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული ნეგატიური უკუკავშირი, ნეგატიური გამოცდილება, წარუმატებლობა, მუდმივი კრიტიკა, თითოეული უარყოფა – უკვალოდ არ ქრება და ჩვენს თვითშეფასებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

სხვა ადამიანების მხრიდან მიღებულ ნეგატიურ უკუკავშირს, ხშირად საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაც ემატება. დაბალი თვითშეფასება კი ხელს გვიშლის აღმოვაჩინოთ და გამომავლინოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნეგატიურმა შეფასებებმა ჩვენი პიროვნული განვითარება არ შეაფერხოს ვფიქრობ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები, ძლიერი და სუსტი მხარეები. რადგან, რამდენად კარგადაც ვიცნობთ საკუთარ თავს, რამდენადაც გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების – გამოწვევებსაც იმდენად მყარად ვხვდებით. ყოველთვის ძალიან მომწონდა ველოსიპედის ტარება, მხოლოდ ერთი პრობლემა იყო – ვერ ვატარებდი. ვუყურებდი სხვა ბავშვებს, ამას როგორ თავისუფლად აკეთებდნენ. მეც ძალიან მინდოდა. ზოგჯერ, როდესაც შიში მავიწყდებოდა, თითქოს ყველაფერი გამოდიოდა, როგორც კი გავიხსენებდი, რომ ეს მე არ შემეძლო – მაშინვე ვეცემოდი. თუმცა, მცდელობა მაინც არ შემიწყვეტია. არ შეიძლება წარუმატებლობად შევაფასოთ ის, რაც მოვინდომეთ და არ გამოვიდა. წარუმატებლობაა, თუ შიშის გამო თავს შევიკავებთ და არ ვეცდებით. რაც შეეხება, სხვების მხრიდან მიღებულ უკუკავშირისა და კრიტიკას, ამ შემთხვევაში, უმჯობესია მართოთ ემოცია და არ ჩადგეთ თავდაცვით მდგომარეობაში.

პირველ რიგში, მოისმინოთ და შეაფასოთ, რამდენად სამართლიანი და სწორია. რადგან, შესაძლოა, მათი გათვალისწინება თქვენივე ინტერესში იყოს. თუმცა, თუ იღებთ დესტრუქციულ კრიტიკას, რომელიც თქვენ პიროვნულადაც გეხებათ, ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანესია იმოქმედოთ რაციონალურად, ემოციების გარეშე. თქვენს სწავლასთან, საქმიანობასთან, თუ პროფესიულ აქტივობასთან დაკავშირებულ შეფასებებს – ნუ განაზოგადებთ საკუთარ თავზე. ნუ მიიღებთ ამას როგორც დამსახურებულს, ან თქვენს პიროვნულ ნაკლს. შეეცადეთ ყველა სიტუაციიდან გამოიტანოთ თქვენი გაკვეთილი. რადგან, საბოლოოდ თავად წყვეტთ ნებისმიერ სიტუაციას თავის გასაძლიერებლად გამოიყენებთ, თუ პირიქით თვითშეფასების დასაქვეითებლად.

რატომ გვჭირდება თავდაჯერებულობა?

ალბათ, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ – რა შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში, თუ უფრო თავდაჯერებული გავხდები? დაფიქრდით, რამდენჯერ გითქვამთ უარი ახალ შესაძლებლობაზე, საჯაროდ სიტყვით გამოსვლაზე, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებაზე, ახალი იდეის გაჟღერებაზე, მნიშვნელოვანი კითხვის დასმაზე. დაფიქრდით, რამდენი გარდამტეხი მომენტი გაგიშვიათ ხელიდან გაუბედაობის გამო. თავდაჯერებულობის ნაკლებობა გვიჩენს წარუმატებლობის შიშს; გვაკარგვინებს გამბედაობას და უამრავ ახალ შესაძლებლობას. რადგან, განვითარება უძრავად კომფორტის ზონაში, შეცდომებისა და მოსალოდნელი რისკების გარეშე – შეუძლებელია. თავდაჯერებულობის ნაკლებობა იწვევს სტრესს, მოტივაციის ნაკლებობას, პრობლემებს სოციალიზაციასა, თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ხელს გვიშლის მიზნებზე ორიენტირებასა და შედეგების მიღწევაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ დიპლომს აიღებთ, რამდენ ახალ მეგობარს შეიძენთ, რამდენ ახალ ტანსაცმელს იყიდით, რამდენ კომპლიმენტს მიიღებთ – თუ თვითონ არ გჯერათ საკუთარი თავის. გჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების. შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება და ნეგატიურად ფიქრები. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. გაიგეთ რა გამოგდით ყველაზე უკეთ და რას პირიქით, ვერ აკეთებთ. თქვენ გაქვთ შეცდომის დაშვების უფლება, რადგან ასეთი გამოცდილების გარეშე ვერ განვითარდები. ყველა გამოწვევა მიიღეთ, როგორც გაკვეთილი და ახალი შესაძლებლობა. არ მოგერიდოთ საკუთარი თავის შექება, წახალისება და ყოველთვის გჯეროდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები