LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება

165
მიშა და ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან“.

როგორც მინისტრი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განმარტავს, „ეს არის სასჯელის მოხდა დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, როგორიც დღეს არის საქართველო“.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

„ეს არის პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველამ. მეორე – როდესაც ადამიანს სურს გამოჯანმრთელება, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. სახელმწიფო პასუხისმგებელია იმაზე, რომ პირის უფლებები იყოს დაცული. თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა და სახელმწიფო მიაწვდის სამედიცინო მომსახურებას, გადაიყვანს პატიმარს კერძო კლინიკაში, მოათავსებს VIP-პალატაში, სადაც ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ხოლო ის მიზანმიმართულად არ დაემორჩილება ამ მკურნალობის კურსს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქ უკვე სრულდება.

იძულებითი მკურნალობა საქართველოს მკურნალობით არ დაიშვება. არცერთ ადგილობრივ თუ უცხოელ გულშემატკივარს არ მოუტანია მტკიცებულება იმის საჩვენებლად, თითქოს სააკაშვილის უფლებები დარღვეულია. როდესაც საუბარი იყო შესაძლო მოწამვლაზე, პირადად მე მეორე დღესვე შევთავაზე ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მივიღეთ უარი. შემდეგ მან ნიმუშები არ ჩააბარა გამოძიებასაც – მიუხედავად ამისა, ისინი საუბრობენ, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია, და სურთ, ამ ცილისმწამებული კამპანიის გატარება. ამერიკულ ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშები არ იყო დალუქული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ის მონაცემები, რაც ამ დაულუქავ ნიმუშებში იყო აღმოჩენილი, იყო ნორმის ფარგლებში. რა მოწამვლაზეა საუბარი? ეს საფუძველშივე გამორიცხულია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აცხადებს ბრეგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g