11 მაისს, ღამის კლუბ „რატის ბარში“ 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), მეორე პირს კი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი.
ცნობისათვის, მკვლელობა ღამის კლუბში 11 მაისს, გამთენიისას მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ 12 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.