იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ობამამ გაეროში საკუთარი გამოსვლის დროს საქართველო არ ახსენა, გიორგი კვირიკაშვილს თვითკრიტიკა გაუჩნდა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა.
“მე მგონია, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველო დგას საკმაოდ აქტუალურად და ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია არის დაბალი. პრეზიდენტ ობამას გამოსვლაში საქართველოს არხსენებას ალბათ უფრო იმ მიზეზს მოვუძებნიდი, რომ უკრაინა არის გაცილებით უფრო ცხელი წერტილი. დღეს იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული თვითკრიტიკა მეც გამიჩნდა ამ მიმართულებით და ამას არც გიმალავთ. ალბათ, მომავალში გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ საერთოდ საქართველოს თემა იყოს მუდმივად აქტუალური გამომდინარე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებული პრობლემებიდან და ასევე გამომდინარე იმ ჰუმანიტარული სიტუაციიდან, რომელიც ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში არსებობს. მე მგონია, რომ ამით ყველაფერი ვთქვი რაც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით მეთქვა. მე ვერ ვიგრძენი ამერიკის ხელისუფლების პირებთან შეხვედრის დროს, მათ შორის როცა შედგა ცალმხრივი შეხვედრა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით, რომ ჩვენი თემა რაიმე კუთხით არის უფრო ნაკლებად აქტუალური, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მეც, რა თქმა უნდა, როდესაც ვუსმენდი პრეზიდენტ ობამას გამოსვლას, როგორც საქართველოს საგარეო მინისტრს, მინდოდა საქართველოც ყოფილიყო ნახსენები რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.