ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოპოზიციის იმ ბრლდებებს უპასუხა, რომელიც ვერეს ხეობაში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანიის ვალდებულებებს ეხება – განახორციელოს 100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტი. აღნიშნული ვალდებულება თბილისის საკრებულომ კომპანიას ჩამოაწერა.
„როდესაც ვერეს ხეობაში განსახლების პროცესი დავიწყეთ, ჩვენი ვალდებულება იყო, ყველა ის ნაკვეთი გამოგვესყიდა, რომელსაც დატბორვა შეეხო. მათ შორის, კერძო სექტორიდან. სწორედ ამ დროს “ქართუ ჯგუფში” შემავალმა ერთ-ერთმა კომპანიამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი. მიწა დააბრუნა, რადგან იმ ნაკვეთზე მშენებლობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო და მილიონ ლარზე მეტი თანხა, რომელიც მათ გადახდილი ჰქონდათ დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში. დაბრუნებულ მიწაზე როგორ უნდა განახორციელოს ვინმემ ინვესტიცია, მაგაზე ვერაფერს გეტყვით,”- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრმა კომენტარი თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციაზეც გააკეთა და მას საინტერესო უწოდა. მისივე ინფორმაციით, ვერეს ხეობა სამ ძირითად სექტორად არის გაყოფილი, ესენია – საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული ზონა.
“მე პრინციპულად მომწონს, თუმცა არ ვყოფილვარ კომისიის წევრი, ახლა ვნახოთ უკვე დეტალურ გეგმებში როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი. პრინციპი, რაც ამ კონცეფციაშია არის ის, რომ დატბორვის ზონებში, რომელიც შეიძლება მომავალშიც დაიტბოროს, რეკრეაციის გარდა არაფერი იქნება. იმ ნაწილში, სადაც დატბორვა არ ყოფილა, აშენდეგა საგანმანათლებლო დაწესებულებები,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.