გიორგი კვირიკაშვილს პატივს ვცემთ, მაგრამ მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს არ დავუჭერთ, ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილი პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც.
”მინდა წარმატება ვუსურვო და დავადასტურო პირადად ჩემი პატივისცემა, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ მხარს არ დავუჭერთ მთავრობის ამ შემადგენლობას, ვინაიდან ქვეყანა ურთულესი ეკონომიკური და სოციალური პირობების წინაშე აღმოჩნდა, რაშიც დიდი წვლილი მთავრობას მიუძღვის. ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას. არ ვეთანხმებით იმ გზასა და მიმართულებებს, რომელსაც მიყვება მთავრობა” – განმარტა ვიქტორ დოლიძემ.
”თავისუფალი დემოკრატების” წევრი დეპუტატი ელოდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე მინისტრს მაინც შეცვლიდა, თუმცა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იცვლება და ისიც იმის გამო, რომ კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიცია ვაკანტური იყო.
”მე დიდი ცვლილება ვერ დავინახე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ღარიბაშვილი უშლიდა ხელს მთავრობის საქმიანობას. გამოდის, რომ ის იყო პრობლემა? ეს გაუგებარია არამარტო ჩემთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.