“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, როგორც ჩანს, ბევრმა ჰკითხა, რატომ დადის ის კლიპში თანაგუნდელებთან ერთად ასე სწრაფად. ამიტომ მან განმარტების გაკეთება გადაწყვიტა და ამ საკითხს დღეს თაკო ჩარკვიანის საბურთალოს უბანში წარდგენის დროს გამოეხმაურა.
“ბევრი ამბობს, ჩვენს კლიპში ასე სწრაფად რატომ დავდივართ. მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ასე გამოვიდა. არავის არ დაუგეგმავს წინასწარ, რომ ჩვენ სწრაფად უნდა გვევლო. ერთი დღე იმაზე ვმსჯელობდით, პირიქით, ხო არ შევანელოთ კადრი-თქო. იცით, რატო მივდივართ სწრაფად? აი, ასეთი სწრაფი ტემპი სჭირდება განვითარებას, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ გავარღვევთ გაჭირვების მოჯადოებულ წრეს, რომელიც ამ ქვეყანაშია”, – თქვა ვაშაძემ.
რამდენიმე დღის წინ მედიასა და პარტიის ფეისბუკგვერდზე ახალი საარჩევნო კლიპი გამოჩნდა, სადაც ლიდერები ჩქარი ნაბიჯით დადიან. კლიპში ვაშაძე ჰყვება გუნდის მთავარ დაპირებებზე. ამას იუმორისტულ გადაცემებში ხუმრობებიც მოჰყვა.