LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაიხურა დემირელის კოლეჯი – ოფიციალური მიზეზები და გაჩენილი კითხვები

სკოლებში სწავლის დაწყებამდე  რამდენიმე დღით ადრე დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – დემირელის  სკოლა დაიხურა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სკოლას სასწავლო წლის დაწყების წინ ავტორიზაცია შეუჩერდა.  სკოლის პერსონალი და მოსწავლეების მშობლები კი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, მათ ისიც კი არ იციან, როგორ  მოხერხდება სწავლის დაწყებამდე  დარჩენილ მოკლე ვადაში ბავშვებისთვის ალტერნატიული სკოლების მოძიება.

დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების  გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო.

საბჭოს წევრებმა დემირელის კოლეჯის დახურვა რამდენიმე მიზეზით ახსნეს. სკოლას ძირითადი პრობლემები ინფრასტრუქტურის, რესურსებისა და პერსონალის მიმართულებით აღმოაჩნდა. ასევე, ქართულენოვან პროგრამებზე თურქულენოვანი პედაგოგები ჰყავდათ დასაქმებულები, რაც კანონდარღვევა იყო.

 

დემირელის სკოლის დახურვის მოლოდინი და წინა გადაწყვეტილებები  

დემირელის კოლეჯის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის წარმომადგენლები მას შემდეგ ელოდებოდნენ, რაც სკოლის ერთ-ერთი მფლობელი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, დააკავეს. თუმცა, რაიმე ვერსიებზე საუბრისას თავად სკოლაშიც თავს იკავებენ.

ეს პირველი შემთხვევაა არაა. 2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება „შაჰინის სკოლის“ სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტჰულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნოდათ. გარდა ამისა, უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობის ხელის შეწყობა.

 

გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზები

გავრცელებულ ინფორმაციებსა და მოტივებზე არ საუბრობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოში.

მისი  ერთ-ერთი წევრი, რეზო აფხაზავა, „ფორტუნასთან“ საუბრისას მიღებულ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზით ხსნის. მისი თქმით, სკოლას ჰყავდა ძალიან დიდი ნაკადი არაქართულენოვანი მოსწავლეებისა, რომლებსაც დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ჰქონდათ დადებითი მიღწევები, რაც დაუშვებელი იყო.

მოსწავლეების რაღაც ნაწილს ერთ დღეში ჰქონდათ შეფასება და დაძლიეს პროგრამა. ზოგმა ეს 1 თვეში მოახერხა. ერთ ან ორ თვეში შესაძლებელია, რომ მოსწავლე, რომელმაც ქართული არ იცის, მოვიდეს,  ქართულიც ისწავლოს, მასალა დაძლიოს და შეფასებები მიიღოს? შესაბამისად, გამოდის რომ გარკვეული გამტარის როლს ასრულებდა ეს სკოლა, რათა თურქეთის მოქალაქეებისთვის გარკვეული საბუთების მიღების პროცედურა გაეადვილებინათ. გარდა ამისა, იყო პრობლემები მოსწავლეების აღრიცხვასთან დაკავშირებით. მოსწავლეების რაოდენობა არ ემთხვეოდა EMIS-ის ბაზის მონაცემებს. ზოგი ამორიცხული იყო სკოლიდან სემესტრის დასაწყისში, თუმცა შეფასებები მაინც ჰქონდათ წლის ბოლოს. ასევე, თურქეთის მოქალაქეების მიღება-გაშვებას ყველანაირი წესების დაცვის გარეშე აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აცხადებდნენ სწავლა მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, მაინც ჰყავდათ თურქეთის მოქალაქე მოსწავლეები, რომლებიც ქართულს ვერ ფლობდნენ და ასევე მასწავლებლებიც ჰყავდათ თურქულენოვანი, რაც ასევე იყო დარღვევა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ აფხაზავამ.

 

სკოლა გამოუვალ სიტუაციაში

მიუხედავად უარყოფითი მოლოდინისა, სკოლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი და გაუგებარი აღმოჩნდა.

სკოლის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი, შენიშვნების ნაწილს კატეგორიულად უარყოფს, ნაწილს კი ეთანხმება.

კავთიაშვილი გაოცებულია საბჭოს წევრების ბრალდებებით, თითქოს, სკოლა გარკვეული გამტარის როლს ასრულებდა. როგორც ის ამბობს, იმ ფონზე, როცა სკოლას მოსწავლეების გამტარიანობაში ადანაშაულებენ, მაშინ არც ქვეყანა უნდა იყოს გამტარი და არც მან არ უნდა შემოუშვას ეს მოსწავლეები.

არის საკითხები, რომელიც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ადამიანურ რესურს, რომელსაც არ ვეთანხმებით. რაც შეეხება უცხოენოვანი მოსწავლეების სწავლების პროცედურას, ამას შეიძლება, გარკვეულწილად დავეთანხმოთ. თურქულენოვანი მოსწავლეები ქართული ენის კურსებს გაძლიერებული პროგრამებით გადიოდნენ, შემდეგ აბარებდნენ და იღებდნენ შეფასებებს. შეუძლებელია, ქართულ ენაზე მათ სრულყოფილად ესწავლათ, თუმცა ამას სკოლა არეგულირებდა. არ გამოვრიცხავ რომ რაღაც დარღვევები ყოფილიყო, თუმცა რაიმე გლობალურ დარღვევასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ნამდვილად არ მესმის ის პრეტენზია, თითქოს, ჩვენ ერთ დღეში ვაძლევდით მოსწავლეებს აღიარების დოკუმენტს. როგორ შეიძლება, ერთ დღეში ჩარიცხო, ამ პროცედურაში ხარისხის განვითარების ცენტრიც არის ჩართული, მხოლოდ სკოლა არ აკეთებს.  რეალურად ცოტა უცნაურია ამაზე დავა. გარდა ამისა, იყო ერთი პერიოდი, როცა თურქეთიდან გარკვეული მოსწავლეების რაოდენობა შემოვიდა სკოლაში, რომლებიც კანონის დაცვით მივიღეთ სკოლაში,“ – განუცხადა „ფორტუნას“ დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორმა, ნინო კავთიაშვილმა და დასძინა, რომ სკოლა გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ამის მიუხედავად, მაინც არ აპირებს.

 

უკმაყოფილო მოსწავლეები და საგონებელში ჩავარდნილი მშობლები  

სასწავლო პროცესის დაწყებამდე, დაახლოებით, 2 კვირით ადრე, მომხდარის გამო, გაოგნებულები არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ სკოლის მოსწავლეების მშობლებიც.

თეკლე ფეიქრიშვილს წლებია, შვილები ამ სკოლაში დაჰყავს. მას 2017-2018 სასწავლო წლის სწავლის საფასური წინასწარ ჰქონდა გადახდილი. გარდა ამისა, როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა,  სად უნდა გადაიყვანოს შვილი სწავლის გასაგრძელებლად, ყველა გზა მოჭრილი აქვს.

ძალიან გაოცებული ვარ. სოციალური ქსელით გავიგე ამის შესახებ. არც არავის დაურეკავს და უთქვამს. საჯარო სკოლაში რომ ვერ გადავიყვან, ფაქტია, მობილობის ყველა შესაძლო ვადა უკვე დასრულდა. რა უნდა გავაკეთო და სად გადავიყვანო ჩემი შვილი, ნამდვილად არ ვიცი. ცოტა დროულად მაინც მიეღოთ გადაწყვეტილება. ფაქტობრივად დროც არ გვაქვს, რამე რომ მოვძებნოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება,“ – აღნიშნა თეკლე ფეიქრიშვილმა.

 

ხელისუფლების შეთავაზება

მოსწავლეებს, რომლებიც დემირელის კოლეჯის ბაზაში ირიცხებიან, ალტერნატივად ქსელის სხვა სკოლაში გადასვლას შესთავაზებენ. თუმცა, მათ ასევე შეეძლებათ გადაწყვეტილება დამოკუიდებლად მიიღონ.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა სწავლის საფასური მოსწავლეებს წინასწარ აქვთ გადახდილი, მომართვის საფუძველზე ერთი თვის განმავლობაში სკოლა მათ თანხას უკან დაუბრუნებს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები