LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაირქვა ცნობილმა ბლოგერმა მარიამ ლამაზი და როგორ ცხოვრობს აშშ-ში ჰაიტელ ქმარსა და შვილებთან ერთად: „მწერენ, ნეტავ, ლამაზის მნიშვნელობა იცოდეო…“

3041
მარიამ ლამაზი

მარიამ ლამაზი – ბლოგერი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ბევრი ქალბატონისთვის ინსპირაციაა, რომ ცხოვრების ისე მოწყობა, როგორც თავად გსურს, სრულიად შესაძლებელია. fortuna.ge-ს გაუმხილა, რომ მალე წიგნის გამოცემას აპირებს, სადაც ქალბატონებისთვის ბევრ რჩევას მოუყარა თავი. როგორ უმკლავდება სიძულვილით სავსე კომენტარებს თავისი ფერადკანიანი ოჯახისა თუ ჭარბი წონის გამო, თავად მოგვიყვება.

აშშ-ში როგორ აღმოჩნდი?

ჩემი ოცნება არასდროს იყო ამერიკაში წასვლა, მამამ წამიყვანა. პირველი წელიწადი არ მომწონდა იქ ყოფნა, ცუდად ვგრძნობდი თავს და ვერ ვხედავდი იქ ყოფნის აზრს. მოწყვეტილი ვიყავი მეგობრებს, ჩვეულ გარემოს… შემდეგ ინგლისური ენის კურსებზე ჩავეწერე, სადაც გამიჩნდნენ მეგობრებიც და პირველი ბოიფრენდიც, რომელიც არაბი იყო. ამ დროიდან მოყოლებული, შევეჩვიე ამერიკაში ყოფნას…

ყოველთვის მიყვარდა თმასთან მუშაობა. გადავწყვიტე, რადგან ინგლისური ენა არ ვიცოდი ისე, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, სტილისტობა მეცადა. სტილისტების აკადემიაში რვა თვის განმავლობაში ვისწავლე. აღმოვჩნდი სრულიად ამერიკულ გარემოში. ინგლისური ენის კურსებზე ყველა კუთხიდან შეკრებილ ადამიანებს შორის ინგლისურის კარგად სწავლა შესაძლებელი არ იყო, რადგან ყველა არაამერიკელი იყო. როცა მოვხვდი სტილისტების კურსებზე, იმ 8 თვეში ავითვისე სლენგიც და ნამდვილი ამერიკული ენა. ეს იყო, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი რამ, ინგლისურის კურსებზე სიარულს კი, როგორც აღმოჩნდა, აზრი არ ჰქონდა.

როდის მიხვდი, რომ საბოლოოდ დამკვიდრდი და აღარ გქონდა გაუცხოების შეგრძნება?

გაუცხოება დღემდე არის, რადგან იქ გაზრდილი არ ხარ, ამიტომ ვმეგობრობ ემიგრანტებთან, უკრაინელებთან, რუსებთან, ჩემი ქმარი ჰაიტელია და ჰაიტელებთანაც.

ვისაუბროთ მარიამ ლამაზის ფენომენზე და ბლოგერობაზე. როდის გააცნობიერე, რომ ამ გზით შესაძლოა, პოპულარობა მოგეპოვებინა?

15 წლიდან სულ მინდოდა ბლოგერობა. ბლოგერობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ სულ 500 გამომწერი მყავდა. როცა რაღაცას ვაზიარებდი, ვიღებდი ბევრ კრიტიკას ახლობლებისგან, მეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უნდა შემენახა და არავის აინტერესებდა. ჩემი შინაგანი სურვილი არასდროს ქრებოდა. ვხვდებოდი, რომ განსხვავებული აზროვნება მქონდა და მინდოდა, საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ჩემი ფილოსოფია და დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ.

მერე უკვე, როდესაც ფერადკანიანი ქმარი და შვილები გამიჩნდნენ, მივხვდი, რომ საინტერესო ოჯახი ვიყავით და ვიდეოები აუცილებლად „გავარდებოდა“, სამი წლის მყავდა შვილი, როცა პირველი ვიდეო გახდა პოპულარული. ვფიქრობ, ასე იმიტომ მოხდა, რომ ბევრი შინაგანი ბლოკი მოვიხსენი, საკუთარ თავზე ვიმუშავე და მზად ვიყავი, რომ სიძულვილიც ადვილად ამეტანა. ამას მოუმზადებლად რომ შევხვედროდი, შესაძლოა, სიძულვილის გამო დეპრესიაშიც ჩავვარდნილიყავი.

სიძულვილის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი გაქვს გამომუშავებული. აგრესიულ კომენტარებს სიძულვილით არ პასუხობ. ეს როგორ მოახერხე?

ადამიანების უმრავლესობა ნეგატიური კომენტარების გადმოფრქვევისას საკუთარ შინაგან მდგომარეობას გვაჩვენებს. ჩემ მიმართ სიძულვილის გამოხატვით, ჩემში ხედავენ იმას, რაც თავად უნდათ და ვერ ბედავენ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეც შეიძლება ცხოვრება, ჩარჩოებში არიან და ამის გამო აკეთებენ კომენტარებს. კომენტარის ავტორებს შორის კაცებიც არიან, მაგრამ ძირითადად, უფრო მეტად ქალები.

რას გწერენ ქალები?

ლამაზი რატომ დაირქვი, ნეტავ, ლამაზის მნიშვნელობა იცოდეო.

რას უკავშირდება ლამაზის დარქმევა?

ბავშვობიდან ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ განსხვავებული თვალები მაქვს. მე, როგორც ამ თვალების მატარებელი, ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ძალიან ლამაზი თვალები მაქვს, შევიფერე და მივიღე ეს ფაქტი. როცა სოციალური ქსელები გამოჩნდა, სკოლაში ვსწავლობდი, რუსული გვარი მქონდა, თავს ასპროცენტიან ქართველად ვგრძნობდი და არ მომწონდა რუსული გვარი, ამიტომ დავირქვი მარიამ ლამაზი. შემომრჩა…

მეუღლესა და ოჯახზე ვისაუბროთ. რამდენიმეწლიანი ოჯახი გაქვს, რა არის მისი შენარჩუნების საიდუმლო?

ჩემი აზრით, ურთიერთობის სიმყარეს სიყვარული და პატივისცემა განაპირობებს. როგორც უნდა გიყვარდეს ადამიანი, პატივისცემის გარეშე ის შეიძლება, ტოქსიკურობაში გადავიდეს. მე და ჩემს ქმარს არასდროს მიგვიყენებია შეურაცხყოფა, არც ერთი კამათის დროს დამამცირებელი სიტყვები არ გვითქვამს.

ჰაიტელ ქმარსა და შენ შორის მენტალური სხვაობა არ არის?

სანამ ბავშვი გაგვიჩნდებოდა, არც ერთხელ არ გვიკამათია. ძალიან მიკვირდა, რადგან ზოგადად, ემოციური ვარ, მე ვარ ცეცხლი, ჩემი ქმარი კი – წყალი, ერთმანეთს ვანეიტრალებთ და არც გვქონია კამათი, მაგრამ ლუკა რომ გაჩნდა, ერთმანეთი ახლიდან გავიცანით. ჩემი ქმრის შეხედულებით, საღამოს ბავშვის დაბანა არ შეიძლება. ჩემთვის ეს მიუღებელი იყო. ვიკამათეთ, ვიკამათეთ და მერე მივხვდი, რომ ოჯახის დანგრევას ჯობია, ბავშვი დილას ვაბანაო (იცინის).

მახსოვს, ერთ-ერთ ტელეინტერვიუში აღნიშნე, რომ მეუღლესთან ინიციატივა თავად გამოიჩინე. ქართული სტერეოტიპის მიხედვით, ქალის ინიციატივა დიდად მისასალმებელი არ არის. კიდევ რა არ მოგწონს ქართულ სტერეოტიპულ მიდგომებში?

არ მომწონს, როცა მამაკაცი იქცევა კერპად და ქალი მას უნდა ემსახუროს, თითქოს ქორწინების იდეა ეს არის… ქორწინება პარტნიორული ურთიერთობაა და თუ მეუღლეს არ აქვს იმდენი ნდობა, რომ შენ შენი საქმე აკეთო, საკუთარ მიზნებს მიაღწიო, გიშლიდეს რაღაცის კეთებას, ეს ძალიან ცუდი ტრადიციაა.

ქართველი ქმარი წარმოგიდგენია?

(იცინის) არ ვიცი… ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოში არ ვიზრდებოდი და არ ვიცი, როგორები არიან ქართველი მამაკაცები. როგორებიც ჩემი ბიძები, პაპები და მამა არიან, ალბათ, ასეთი ტიპის მამაკაცებთან გამიჭირდებოდა ურთიერთობა. ძალიან მკაცრი მამა მყავს (იღიმის). დედა ანეიტრალებდა მის სიმკაცრეს.

საქართველოში რომ დარჩენილიყავი, ასეთი თამამი იქნებოდი გამონათქვამებში?

საქართველოში არასდროს მიცხოვრია, ამიტომ ვერ გეტყვი. ქართველებს გადამეტებულად გვაქვს თვისება, რომ ვიღაცას უნდა გადავყვეთ, მე კი გადავყვები ისეთ შემთხვევაში, როცა საკუთარ თავს დავაკმაყოფილებ.

10 წლის შემდეგ როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი?

როცა გავმდიდრდები, აუცილებლად კიდევ გავაჩენ შვილებს. გამდიდრების გზას კი საიდუმლოდ დავტოვებ (იცინის).

ყველაზე მეტად რა კომენტარმა გატკინა გული და რამ გაგახარა?

დავიწყოთ კარგით – რამდენიმეჯერ დაუწერიათ ამგვარი კომენტარი, ჩემი მსგავსი გოგონა, ვისაც აქვს ჭარბი წონა, მწერს, რომ ჩემი მაყურებელია, კაბა ჩაიცვა პირველად, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია, მეორემ მომწერს, რომ ჩემი ვიდეოების შემდეგ თავისი ქონები შეიყვარა… მივხვდი, რომ წონა არაფერ შუაშია, საკუთარი თავის სიყვარული ყოფილა ყველაფერიო. ეს კომენტარები მაბედნიერებს. ჭარბ წონაზე რომ არ ვისაუბროთ, ჩვეულებრივი წონის გოგონებიც მწერენ, რომ მათთვის დიდი მოტივატორი ვარ და მიხვდნენ, რომ ცხოვრება არ ჩერდება ბავშვების გაჩენის შემდეგ… რაც შეეხება ნეგატიურ კომენტარებს, არც ერთმა მატკინა გული, უბრალოდ, დამამახსოვრდა, როცა ჩემს შვილზე დაწერეს, ეს ბავშვი მოაშორეთ აქედანო…

რა რჩევა გექნება ქალებისთვის, რომლებიც კომპლექსებს ვერ უმკლავდებიან და გარკვეულ ჩარჩოებში არიან მოქცეულები?

ჩემი წიგნი გამოვა მალე და წაიკითხონ, ახლა მივდივარ სტამბაში. წიგნის სახელწოდება იქნება „მიჰყევი შენს გულს – მარიამ ლამაზის ფილოსოფია“. საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარი თავის გაცნობა, საკუთარი თავის შეყვარება – ეს არის რჩევა ქალბატონებისთვის…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები