კონსულტაცია გვქონდა ორივე მხარესთან, როგორც “გირჩის” წარმომადგენლებთან, ასევე პაატა ბურჭულაძის ბლოკთან და ამის შემდეგ მივიღეთ დარჩენის გადაწყვეტილება, ამის შესახებ ვაშაძის მოძრაობის, “ახალი საქართველოს”, ერთერთმა ლიდერმა, დავით კიზირიამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არსებული რეალობის მარტო შეცვლა რთული იქნება, ამიტომ გადაწყვიტეს სხვა პოლიტიკურ გუნდთან გაერთიანება. როგორც კიზირიამ აღნიშნა, მათი ბლოკის წინააღმდეგ დიდი ფინანსური რესურსებია მობილიზებული, ამიტომ ეს ერთობა მნიშვნელოვანია.
რაც ეხება ფინანსურ პრობლემებსა და კოორდინატორებისათვის გადასახდელ დავალიანებას, რომლის შესახებაც “გირჩის” ლიდერმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, დავით კიზირია ამბობს, რომ ბლოკში ფინანსური პრობლემები ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ხელისუფლება და საგადასახადო დიდ დისკომფორტს უქმნის მათს გუნდს. რაც ეხება დავალიანებას, “ახალი საქართველოს” წევრს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პაატა ბურჭულაძის მხრიდან შანტაჟზე ისაუბრა. პირადად, ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობაზე შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა და ამიტომ ეს ბრალდება ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო ყველასათვის” – განაცხადა დავით კიზირიამ.
გიორგი ვაშაძის მოძრაობამ ”ახალი საქართველო” პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
ბლოკის შემადგენლობაში ასევე რჩება ”ახალი მემარჯვენეები”.
პაატა ბურჭულაძის მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩმა“ დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.
“სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით კი, “გირჩს” ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ “გირჩის” დაფინანსება გახდა.