LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაჭიანურდა თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია?

95

თელავში, ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ”ფორტუნას” აცნობეს, რეაბილიტირებული სასახლე, უახლოეს დღეებში გაიხსნება.

”პრაქტიკულად სასახლის ყველა სამუშაო დასრულებულია. დარჩა ფერადი შუშების ჩასმა. უახლოეს დღეებში გავხსნით ამ ციხეს”, – განაცხადეს სამინისტროს პრეს-სამსახურში. კომპლექსში, სასახლის რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარეობს მუზეუმისა და ტერიტორიის განახლებაც.

როგორც ”ფორტუნასთან” თელავის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გიორგი კიკნაძემ განაცხადა, ორივე პროექტი მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.

”გამოიცვალა ვიტრაჟები, სახურავი და იატაკი. დასრულდა ლესვითი სამუშაოები. ძველი სახურავი ძალიან პრობლემატური იყო, ახლა საკმაოდ გამძლე გაკეთდა. ფაქტობრივად მთლიანად აღდგა შენობა. გამოიცვალა აივანზე არსებული ძველი ხეებიც”, – განაცხადა გიორგი კიკნაძემ.

ბატონის ციხის ტერიტორიაზე აშენდება ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაც. ეს რეაბილიტაციის პროექტის მეორე ფაზაშია გათვალისწინებული, რომელიც მუზეუმის და ტერიტორიის კეთილმოწყობას გულისხმობს.

”ოქტომბრის ბოლოს სასახლის სამუშაოები სრულად დასრულდება. რაც შეეხება, მეორე ფაზას, პროექტის მიმდინარეობის დროს, ბევრი ცვლილება შევიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდი ამუშავებს ახალ თარიღს, როდემდე გადაუწევს თავის კონტრაქტორ კომპანიას ”ჯორჯიან ინჟინერ ინჯის” სამუშაოების დასრულების ვადას”, – განაცხადა გიორგი კიკნაძემ ”ფორტუნასთან”.

ბატონის სასახლის რეაბილიტაცია სულ 1 573 000 ლარზე მეტი დაჯდა. მუზეუმისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია კი 4 154 000 ლარი ჯდება.

ბატონის ციხის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. სამუშაოების დროს პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, შესაბამისად, ციხის გახნამ მიმდინარე თვის ბოლომდე გადაიწია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ სასახლის საელჩო დარბაზში არსებული ბზარები უხარისხოდ იყო შელესილი და მისი თავიდან შეთეთრება მოუხდა სპეციალისტებს, რაც წინასწარ არ იყო გათვალისწინებული.

ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს  გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში არ იყო გამოყენებული ის მასალები, რომელიც სასახლის მშენებლობის თავდაპირველ პერიოდში, ასევე არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები.

სწორედ ამიტომ   მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, არსებული პროექტის კორექტირება მოხდა, რათა ყველა შესაბამისი სტანდარტი სრულად ყოფილიყო დაცული და ძეგლის იერსახე არ დარღვეულიყო.

რეაბილიტაციის პროექტი ფონდმა კულტურულ მემკვიდეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მოამზადა.

ბატონის სასახლე დაფუძნდა და თავდაპირველი, სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ რთულ პერიოდში, XVII  ს-ის 70-იანი წლებიდან 1801 წლამდე.

თელავის ბატონის ციხის კომპლექსი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ, სხვადასხვა პერიოდისა და ფუნქციის  ნაგებობებს. მათ შორის, XVII_XVIII საუკუნეების გალავანს, XVII_XVIII საუკუნეების კარის მცირე ეკლესიას, XVII_XVIII საუკუნეების სობოროს, XVII_XVIII საუკუნეების საზარბაზნე კოშკს, XIX  საუკუნის შუა წლების „სახაზინო სახლს“ (სტატუსი მოეხსნა 2012 წელს და ამჟამად დანგრეულია),  XVII-XVIII საუკუნეების წმიდა ნინოს ყოფილ სასწავლებელს (ამჟამად დანგრეულია), XVIII-XIX საუკუნეების სკოლას,  XVIII საუკუნის აბანოს და XIX საუკუნის სამხატვრო გალერეას (ამჟამად დანგრეულია).

 

mazda magti 5g