LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაჩნდა საჭიროება, მენეჯერმა იცოდეს და იყენებდეს ქოუჩინგს თავის საქმიანობაში – FM ქოუჩი

19
ნინო-ვახანია

რატომ გაჩნდა საჭიროება, მენეჯერმა იცოდეს და იყენებდეს ქოუჩინგს თავის საქმიანობაში – თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ნინო ვახანიამ ისაუბრა.

ქოუჩინგი მენეჯმენტში – რას ნიშნავს ეს?

ქოუჩინგი არის კითხვების დასმის ხელოვნება, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა. მენეჯერი ეხმარება გუნდს, რომ დაალაგოს პრიორიტეტები, გაწეროს პროცესები, სწორად შეასრულოს დავალება. ქოუჩი მენეჯერი კი ეხმარება თანამშრომლებს თვითონ იპოვონ გამოსავალი და გახდნენ მეტად ეფექტიანები საკუთარ ძალებზე დაყრდნობით.

რატომ გაჩნდა საჭიროება, მენეჯერმა იცოდეს და იყენებდეს ქოუჩინგს თავის საქმიანობაში?

პირველ რიგში მენეჯერი ქოუჩი ახდენს გუნდის მოტივაციას და მიზნების დასახვაში ეხმარება გუნდს. ეს მიზნები სპეციფიურია, დროში გაწერილია და აქვს შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები – რომელზეც თანახმაა თანამშრომელიც და მენეჯერიც. ორივემ ზუსტად იცის, რა უნდა შეამოწმოს თვის ბოლოს. მაგალითად, თუ ჩემი მიზანია, რომ შემოსავლები გავზარდო 20 %-ით კვარტლის ბოლოს, მენეჯერთან ერთად განვსაზღვრავ თვის ბოლოსათვის რა უნდა გავაუმჯობესო ამისათვის: ეს შეიძლება იყოს ახალი თანამშრომლის დამატება, მოტივაციის სქემის შექმნა, რომელიმე კონტრაგენტის ჩამოშორება ან დაკარგული პარტნიორის დაბრუნებაზე მუშაობა. თითოეულ მათგანს აქვს შემფასებელი კრიტერიუმი – თუ ეს ახალი თანამშრომლის დამატებაა, მაშინ ზუსტად უნდა ვიცოდე, რა არის ამ პოზიციის იდეალური 10-იანი, რომელიც მჭირდება რომ იყოს წლის ბოლოს, კვარტლის ბოლოსათვის რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და რას ნიშნავს დამატება: გადმობირებას და კონტრაქტის გაფორმებას, ტრენინგის დასრულებას, პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას თუ სრულიად დელეგირებას?

რა კომპეტენციები სჭირდება მენეჯერს, როგორც ქოუჩს? – როგორ უნდა შეძლოს მენეჯერმა, მოუსმინოს ყველა თანამშრომელს, დაუთმოს მათ საჭირო დრო, ამავდროულად მიაწოდოს თავისი აზრი, ისე, რომ არ შეაწყვეტინოს სიტყვა, იყოს ეთიკური და უკუკავშირის დროს არ გამოიწვიოს თანამშრომლის მოტივაცია?

პირველი – ეს არის ეთიკა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. თანამშრომელი უნდა გრძნობდეს, რომ მას მხარს უჭერენ და ნებისმიერ შემთხვევაში გუნდი მზადაა დასახმარებლად. შესაბამისად ეს პიროვნება კოლეგებს თავადაც ამოუდგება მხარში.

მეორე – ეს არის აქტიური მოსმენა. რას ნიშნავს ეს? ხომ გაგიგიათ: „სმენა იყოს და გაგონება“ თანამშრომელს არა მარტო ვუსმენ, რას ამბობს, არამედ ვცდილობ გავერკვიო მასში, დავუსვა ზუსტი კითხვები, ჩავწვდე მის ფიქრებსა და შეხედულებებს.

მესამე ემპათიაა – უნარი გაიგო და გაიზიარო სხვა ადამიანის, როგორც ინდივიდის გრძნობები. ასევე მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია, უკუკავშირი, ძლიერი კითხვები,  და სხვა…

როგორ უნდა დააკავშიროს  თანამშრომელმა ორგანიზაციისა და საკუთარი მისიები ერთმანეთთან?

თითოეულ ორგანიზაციას აქვს საკუთარი მისია, რომელსაც უფრო ხშირად დამფუძნებლები და ტოპ მენეჯმენტი ადგენს და შემდეგ აცნობს თანამშრომლებს. თითოეულ ინდივიდს კი გააჩნია საკუთარი დანიშნულება ამ ქვეყნად, კონკრეტულ სამსახურში, ოჯახში და ა.შ. სწორედ ის ორგანიზაცია წარმატებული, სადაც ეს ორი მისია ერთმანეთთან ახლოსაა. ამიტომაცაა, რომ ქოუჩინგი ორგანიზაციაში ამოატივტივებს დასაქმებულთა პირად მისიებს და მეტად ჰარმონიულს ხდის საქმიანობას, თუმცა დიდი განსხვავების გამო, ხშირად ადამიანი ტოვებს კოპანიას. მისია პირდაპირ კავშირშია ღირებულებებთან.

ქოუჩი არ იძლევა მითითებებს, რჩევებს და არ არის დირექტიული. მენეჯერს კი ხშირად სჭირდება იყოს მენტორი, გასცეს ბრძანება – როგორ უნდა მოახერხოს ეს ორი რამ ერთმა ადამიანმა ერთდროულად?

პირველ რიგში მენეჯერმა დიდი შრომა უნდა გასწიოს, რომ საფუძვლიანად შეისწავლოს ქოუჩინგის საბაზისო უნარები და კომპეტენციები, გამოიყენოს ის პრაქტიკაში და გამოსცადოს საკუთარ თავზე. მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგ შეძლებს ის, რომ მოირგოს ორი როლი ერთ დაწესებულებაში და საჭიროებისამებრ გამოიყენოს თანამშრომლებთან ურთიერთობისას. ყველაზე საუკეთესო წესია, რომ ქოუჩინგურ შეხვედრებს გარკვეული პერიოდულობა ჰქონდეს, სადაც მენეჯერი არ ჩაერევა თანამშრომლის პირად ფიქრებში, მოუსმენს მას და წაახალისებს. მხოლოდ ამ დიალოგების შემდეგაა შესაძლებელი მენტორინგის გაწევა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები