საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. კონკურენციის სააგენტო სწავლობდა, თუ რამ განაპირობა 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა.
მონიტორინგის შედეგის თანახმად, 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.
შეგახსენებთ, 2018 წლის 10 დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა დაახლოებით 5-10 თეთრით მოიმატა. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 7-დან 5 ბაზრის მონიტორინგი და 1 მოკვლევა დაასრულა. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დასრულდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები. ამასთან, უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება 2 მონიტორინგი – ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზარი. კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა 1 რეკომენდაცია.