რა ჯდება საქართველოში დასვენება? ფასები ქალაქების და რეგიონების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა ყველგან გაზრდილია. უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, დასვენება გაუძვირდათ ადგილობრივ მოგზაურებსაც.
რა მდგომარეობაა სექტორში და რა გამოწვევები?
საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს მაია მურაჩაშვილი, ჰოტელიერი.
– ინფლაციამ ყველაზე მოახდინა გავლენა და მათ შორის ტურიზმის სექტორზე. ადგილობრივი დამსვენებლები დასასვენებელ ადგილებს ეძებენ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. საქართველოში მნიშვნელოვნად გაძვირდა დასვენება და ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ პანდემიის შემდეგ ერთგვარი ბუმია ტურიზმის.
შეგვიძლია, დაახლოებით ვთქვათ ფასები როგორია?
– შარშანდელთან შედარებით ფასებმა, რა თქმა უნდა, შედარებით მოიმატა. ეს დამოკიდებულია ინფლაციაზე, გაძვირებულ პროდუქტებზე და ყველა იმ სერვისზე, რომლის საფასურის გადახდაც შიდაოპერაციული მენეჯმენტის დროს სასტუმროებს გვიწევს. ასევე მომატებულია ხელფასები, რომელსაც ვიხდით, ბევრი ვალდებულებები გვაქვს, 2022 წლიდან გადასახადებიც გადასახდელია და შესაბამისად გაძვირებულია დასვენება.
ფასების მომატება აღინიშნება ზღვის კურორტებზე. სადაც მოთხოვნა მეტია, გასაგებია, რომ იქ ფასიც მეტია.
გარდა ამისა, უცხოელი ვიზიტორების ბუმია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი ვიზიტორები უფრო ინდივიდუალურად ფიქსირდება და არა ჯგუფები, ისე როგორც 2018-19 წლებში ვიყავით შეჩვეული.
ამან გარკვეულწილად გამოიწვია ფასების ზრდა. ჯგუფური ჯავშნების შემთხვევაში ჩვენ კორპორაციულ და კონკურენტუნარიან ფასებს ვთავაზობდით ჩვენს კლიენტებს.
ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური ჯავშანი გაცილებით ძვირი ჯდება. ეს ერთ- ერთი პირობაა, რატომაც გაძვირდა სასტუმროს მომსახურება.
გარდა ამისა, საკმაოდ ძვირი გვიჯდება სტაფის მოძიება და გადამზადება. სამწუხაროდ პანდემიის პერიოდმა ის თანამშრომლები, ვინც უკვე მომზადებულები იყვნენ და უკვე იცოდნენ ეს სერვისი, ქვეყნიდან წავიდნენ.
ან უბრალოდ სხვა სეგმენტში გადავიდნენ. ისეთ სეგმენტში, რომელმაც აჩვენა, რომ არ იყო მკვეთრად დამოკიდებული პანდემიაზე.
სამწუხაროდ ტურიზმი მთლიანად გაჩერებული იყო. ახლა გვიხდება ახალი ადამიანების მოძიება, რომელიც გარკვეულ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული და მათი დატრენინგებაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ცხადია, საბოლოო ფასზე აისახება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გაზრდილი კომუნალურების ფასი. სამწუხაროდ ეს არის რეალობა, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნით ის ბალანსი, რომელიც შეგვინარჩუნებს ადგილობრივ ტურისტებს. ამას ვცდილობთ, მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე.
2019 წელს რომ შევადაროთ მოგება და ხარჯი, ახლა ხარჯი გაცილებით მეტი გვაქვს და მოგება გაცილებით ნაკლები, ამიტომ ფასმა საბოლოო ჯამში მოიმატა.
– ერთ-ერთი გამოწვევა, არის რეგიონში მიმდინარე ომი. უკრაინაში მიმდინარედ აგრესია როგორ ზეგავლენას ახდენს? კეთდებოდა პროგნოზები, რომ უფრო მეტი ზეგავლენა იქნებოდა, თუმცა მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ ჩვენთან ტურისტების ნაკადი, იგივე სპარსეთის ყურიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დიდად არ შემცირებულა.
პირიქით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს…
– ომმა ძირითადად ევროპის ქვეყნებზე იმოქმედა, რომლებიც გამოირჩევიან თავისი მაღალი ხარჯვითი უნარიანობით. სპარსეთის ქვეყნები სამწუხაროდ არც ისე მაღალ სეგმენტზე მუშაობენ. ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მარტივად სტატისტიკას გადავხედოთ, თუნდაც 2019 წელს ერთი ტურისტის ხარჯვითი წილი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ახლა. ალბათ მალე დადებს ტურიზმის ადმინისტრაცია სტატისტიკას, თუმცა მოლოდინები უკვე ვიცით, რა იქნება. მათზე ხარჯვითი წილი გაცილებით ნაკლებია. შეიძლება, სასტუმროში თანხას იხდიან, მაგრამ იმის იქით უკვე ძალიან ნაკლებია დანახარჯები.
მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნები მაღალხარჯვით უნარიანობით გამოირჩეოდნენ. სამწუხაროდ ომმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია.
ძალიან ბევრი გვისვამს კითხვას, უსაფრთხოა, თქვენთან საქართველოში?საქართველომ, რომელმაც გამოიარა რუსეთის აგრესია და ახლა, როდესაც ეს აგრესია ხორციელდება უკრაინაზე, არის წარმოდგენა, რომ საქართველოსაც შეიძლება რაიმე საფრთხე დაემუქროს მშვიდობის კუთხით.
ამიტომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტად გავაქტიურდებოდით ევროპის მიმართულებით, მათ შორის პიარის კუთხით, რომ ჩვენთან დასვენება უსაფრთხოა.
– გასაგებია, რომ ევროპელი ტურისტი მაღალმხარჯველობითუნარიანია, უსაფრთხოებას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებენ. მესმის, რომ ევროპიდან შემცირდა ტურისტების ნაკადი, თუმცა მთლიანობაში მაინც ზრდა არის, ტურისტების მთლიან რაოდენობაშიც და ფინანსურ შემოსულობებშიც. თქვენს პირად მაგალითზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?
– მე როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, ასევე სასტუმროების მმართველი, მინდა, გითხრათ, რომ როგორც ჩემთან ტურისტულ კომპანიაში, ასევე სასტუმროებში, ფიქსირდება ინდივიდუალური ჯავშნების რაოდენობა.
ჯგუფურმა ჯავშნებმა მნიშვნელოვნად იკლო. უფრო მეტი მოლოდინები იყო. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ტურისტულ კომპანიას მოუწია, ჯგუფურ ჯავშნებს დაემშვიდობოს და გადავიდეს ინდივიდუალური ჯავშნების მომსახურებაზე, ამით ძალიან დიდ დროსაც კარგავს და არც ისე შემოსავლიანია ტურისტული კომპანიებისთვის.
ამიტომ სწორი პიარი იმ მიმართულებით, რომ ქვეყანა უსაფრთხოა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების მოსახლეობისთვის ამ საკითხის გაჟღერება, ძალიან მნიშვნელოვანია. ამით გავზრდით მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვას.