LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გახდა საჭირო ბაჩალიაშვილის საქმეზე ბუზების ექსპერტიზა

385
tamar bachaliashvili

ბაჩალიაშვილის საქმეზე ქვემო ქართლის დეპარტამენტში დღეს მანქანაში აღმოჩენილი მწერებისა და ამავე მანქანაში ნაპოვნი ბალახის ექსპერტიზა ჩატარდება.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი უწყებაშია დაბარებული.

“ორი თვე გავიდა და არაფერზე პასუხი არ არის. ზღაპრულ სცენებს ქმნიან და დროს კლავენ. ჩანს ფაქტი თვალწინ. რაც საჭიროა, მკვლელის პოვნაა, არ ეძებენ და ბუზებს ეძებენ ხალხო”, – აცხადებს  ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.

რატომ გახდა საჭირო ბუზებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარება და რამდენად და რაში დაეხმარება ეს გამოძიებას – ამ კითხვით „ფორტუნამ“ ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს მიმართა.

„ვილა ალგეთში, სადაც ყარაულის ოთახი იყო, იქაც აღმოჩენილია, ისეთივე ჯიშის ბუზები, როგორიც ბაჩალიაშვილის ავტომობილში იყო ნაპოვნი. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა და ბუზების ჯიში ერთმანეთისთვის შეედარებინათ. ბიოლოგი არ ვარ, მაგრამ როგორც ამიხსნეს, ბუზების სხვადასხვა სახეობა არსებობს. გარდაცვლილის ბუზი, რომელსაც იასამნისფერი შეფერილობა აქვს, არსებობს, თაფლისა და კიდევ მრავალი სხვადასხვა ჯიშის ბუზი.  რადგან ოთხი დღის განმავლობაში დახურულ ფანჯრებში იყო ცხედარი, საიდან უნდა გაჩენილიყო იქ ბუზი? ექსპერტმაც თქვა, რომ ცხედარზე იყო ბუზების კვერცხები. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. მანქანიდან ამოღებულ ბუზებასა და „ვილა ალგეთში“ ნანახ ბუზებს შეადარებენ და თუ დაემთხვა ერთმანეთს, ამით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი“ , – აცხადებს რამიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ალგეთის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ალგეთის ტერიოტირაზე აღმოჩენილია იმ პრეპარატის ანოტაცია, რომელიც ბაჩალიაშვილმა შეიძინა. ანოტაცია მიხეილ რამიშვილმა თბილისში ჩამოიტანა.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს ანოტაცია საქმეში ნივთმტკიცებად ჩაიდო და იმის მიუხედავად, რომ არცერთი მოწმე არ ადასტურებს ბაჩალიაშვილის ალგეთში ყოფნას, ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g