LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ხდება მშობლებისა და შვილების თაობებში განსხვავებული შეხედულებების გამო კონფლიქტები -7 რჩევა ფსიქოლოგისგან

912
ვერიკო-გოჯიაშვილი

რატომ ხდება მშობლებისა და შვილების თაობებში განსხვავებული შეხედულებების გამო კონფლიქტი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.

რამდენად ხშირია მშობლებისა და შვილების კონფლიქტი?

მშობლების და შვილების, მამათა და შვილთა ბრძოლები ყოველთვის დიდი თემა იყო კაცობრიობის ისტორიაში და არა მარტო საქართველოში. ხშირად, დროის დინებასთან ერთად მშობლისა და შვილის შეხედულებები იცვლება და ერთმანეთისგან განსხვავებული ხდება. ეს ოჯახებში დიდ ტრაგედიად აღიქმება და საზოგადოების განკითხვის საგნად იქცევა ხოლმე, არადა გლობალურად თუ შევხედავთ, აზრთა გაყოფა და სხვადასხვაობა ნორმაა და აუცილებელიც არის მიჯაჭვულობის ჩასახსნელად. რაც უფრო დიდი და მჭიდროა მიჯაჭვულობა, მით უფრო მწვავე, მძაფრი და მტკივნეულია კონფლიქტიც.

სად უნდა ვეძიოთ კონფლიქტის მიზეზები?

ძალიან ძნელია ოჯახურ, თაობათა შორის კონფლიქტში გაარკვიო ვინ მართალია და ვინ-მტყუანი, სავარაუდოდ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ვისაც უსმენ, მართალიც ის გგონია.

ჩვენ რასაც მიზეზებად მივიჩნევთ, ის ყველა საბაბია და მიზეზები ბევრად ღრმად, არაცნობიერ აზროვნებაშია საძებნი.

ხშირად მშობელი, რომელიც ზედმეტად მზრუნველი, ზემზრუნველია, შვილის ზრდასრულობაში აქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი მისხალ-მისხალ დაუბრუნდება, უკმაყოფილებას გამოხატავს შვილის თავისუფლებისკენ ლტოლვით და ნებსით თუ უნებურად ხდება დამყვედრებელი. ზოგჯერ კი შვილი, რომელიც ამ მზრუნველობას პარაზიტულად შეეჩვია, მოთხოვნები ეზრდება და ვერ ხვდება, რომ ამ მოთხოვნებზე ასაკთან ერთად პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს, ხდება უხეში და თავშეუკავებელი და უფრო ხშირად ეს ყველაფერი ერთად გვხვდება თანხვედრაში. საბოლოოდ რჩება ერთმანეთისკენ გაშვერილი თითები, უსასრულო ბრალდებები, წამოძახებები და გაფუჭებული ურთიერთობა.

რა არის გამოსავალი?

ყველა მშობელს უსაზღვროდ უყვარს თავისი შვილი და შვილს – მშობელი. რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მძაფრია ემოცია, მოლოდინები, იმედგაცრუება, დაკარგვის შიში, შფოთი და პანიკაც კი. გამოსავალი მონდომებით და ემოციების ზღვრის დაწევით იწყება. ემოციის დამშვიდება აძლიერებს რაციონალურ აზროვნებას და გეხმარებათ სურათის ცივი გონებით დანახვაში. დანახვა არა მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან, არამედ ორი საპირისპირო პოზიციის გათვალისწინებით. პრობლემისგან დისტანცირება და მისი მასშტაბური აღქმა ეხმარება ადამიანს იყოს ობიექტური ნებისმიერ სიტუაციაში და არ იყოს მიკერძოებული, იაზროვნოს როგორც ზრდასრულმა და არ დარჩეს ინფანტილური, რაც ხშირად ემართებათ შვილებს მშობლებთან მიმართებაში. მშობლებს კი უჭირთ დირექტიული როლიდან გამოსვლა და უმცროს თაობასთან თანასწორობა.

გამოსავალი სიმშვიდეში, საუბარში და ერთმანეთის პოზიციების მიმღებლობაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები